ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ცოდნისკარის ადმინისტრაციულ თემში, ახალგაზრდული სივრცე საზეიმოდ გაიხსნა, რომელიც საოფისე ინვენტარით, წიგნებითა და ტექნიკით აღიჭურვა.
დღეიდან ცოდნისკარის თემში მცხოვრებ ახალგაზრდებს, შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა ღონისძიება დაგეგმონ და ერთობლივი პროექტები განახორციელონ.
ახლადგახსნილი სივრცე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ახალგაზრდებთან ერთად- ცენტრის სამოქმედო გეგმაზე და მის შემდგომ განვითარებაზე იმსჯელეს.
ცნობისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახალგაზრდული სივრცეების პროექტი, მერიასთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს წევრების მიერ არის ინიცირებული.
გასულ წელს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, პირველად გაითვალისწინეს ახალგაზრდული საბჭოების მიერ ინიცირებული პროექტების დაფინანსება.
მუნიციპალიტეტმა, 15 თემის ახალგაზრდული საბჭოს იდეას დაუჭირა მხარი და იზრუნა მის განხორციელებაზე. 8 ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალგაზრდული საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილი პროექტების თანახმად, ახალგაზრდული სივრცეები, საოფისე ინვენტარით, წიგნებითა და ტექნიკით აღიჭურვა.