ნინო წილოსანის პარლამენტის ვიცესპიკერად დანიშვნას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად არჩევის შემდეგ გათავისუფლდა.
” მიხარია, რომ დღეიდან ახალი პასუხისმგებლობით ვაგრძელებ საქართველოს პარლამენტში საქმიანობას. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევა ჩემთვის დიდი გამოწვევაა და, პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ჩემს გუნდს ამ ნდობისთვის. ამასთან, ვაფასებ რიგი ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერას.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილება იყო. 2020 წლიდან მოყოლებული, ვფიქრობ, ბევრი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება მოვახერხეთ, იქნება ეს კანონშემოქმედებითი საქმიანობა, დონორებთან კოორდინაციით განხორციელებული პროექტები, სექტორის განვითარებისთვის საჭირო დოკუმენტების შექმნა თუ სხვა. თუმცა, ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო უშუალო კონტაქტი სოფლად მცხოვრებ ადამიანებთან, ფერმერებთან. მათ საჭიროებებსა და გამოწვევებზე მუშაობა ის საკვანძო მიმართულებაა, რასაც ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვემსახურები.
დიდი მადლობა კომიტეტის თითოეულ წევრს და აპარატის თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისა და მხარდაჭერისთვის კარგი საქმეების კეთებაში.
აქვე, ვულოცავ ჩემს კოლეგას, გელა სამხარაულს, კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციის დაკავებას. ვუსურვებ მას წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას!
წინ ახალი გამოწვევები და საინტერესო საქმეებია”,- აღნიშნავს ნინო წილოსანი.