Home რეგიონი გურჯაანი  2-3 მარტს გურჯაანი საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიულ კონგრესს – “Culinary Connection Euskadi-Georgia”...

 2-3 მარტს გურჯაანი საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიულ კონგრესს – “Culinary Connection Euskadi-Georgia” მასპინძლობს

2-3 მარტს, გურჯაანი 2024 წლის მთავარ კულინარიულ მოვლენას – საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიულ კონგრესს – “Culinary Connection Euskadi-Georgia” მასპინძლობს.

არსებული ინფორმაციით, კონგრესის ფარგლებში, რომელიც კაჭრეთის “ამბასადორში” გაიმართება, მოეწყობა პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები და კულინარიული შოუ, რომელსაც ცნობილი ბასკი და ქართველი შეფები გაუძღვებიან. ღონისძიება 250-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლებს.

ბასკეთი-საქართველოს გასტრონომიული კონგრესი, მიზნად ისახავს არა მხოლოდ კულინარიულ ოსტატობის, არამედ – ენოგასტროტურიზმისა და ქართული სამზარეულოს განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ გურჯაანში სწორედ ბასკეთის კულინარიული ცენტრის ხელშეწყობით, შენდება გასტრონომიული მიმართულების აკადემია, რომელიც პირველ სტუდენტებს 2025 წელს მიიღებს. ამიერკავკასიის რეგიონში ამ მასშტაბის კულინარიული აკადემია პირველია, რომელსაც საერთაშორისო სტატუსი ექნება.

გასტრონომიული კონგრესი ბასკეთის კულინარიული ცენტრის, Mantala-ს და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართება.

ცნობისთვის, პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ბასკეთის მთავრობა.