Home დღის ამბები კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს

კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 20 პირი, 1 კი მხილებულია.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს, საგარეჯოსა და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი დააკავეს.

პოლიციამ, 1994 წელს დაბადებული კ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის, ეზოსა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 62 ვაზნა ამოიღო.

1965 წელს დაბადებული მ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად კი ამოღებულია გადაჭრილი თოფი და 50 ვაზნა.

ხოლო ოპერატიული ღონისძიების შედეგად, სამართალდამცველებმა 1984 წელს დაბადებული ამჟამად პატიმრობაში მყოფი ფ.ი.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი და 38 ვაზნა ამოიღეს.

მათივე ცნობით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს