Home დღის ამბები ბერლინის საერთაშორისო გამოფენაში „მწვანე კვირეული 2024“ 15 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას

ბერლინის საერთაშორისო გამოფენაში „მწვანე კვირეული 2024“ 15 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას

ბერლინის საერთაშორისო გამოფენაში „მწვანე კვირეული 2024“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით 15 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ლევან იზორიასთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, ქართულ სტენდზე წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერა.

როგორც თენგიზ ნასარიძემ აღნიშნა, მსგავსი გამოფენები ხელს უწყობს ქართული კომპანიების ცნობადობის ზრდას და ხარისხიანი აგროპროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაციას.

„სამინისტროს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში 15 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას. წარმოდგენილი პროდუქციის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე გადის როგორც გერმანიაში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში. მსგავს მარკეტინგულ ღონისძიებებში მონაწილეობით, სახელმწიფო ხელს უწყობს ქართული ხარისხიანი აგროპროდუქციის ცნობადობის ზრდას და რეალიზაციას“, – განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, წელს, საქართველოს სტენდზე 15 კომპანიის (შპს ჩელთის, შპს აჩინებულის, შპს თორელი ვაინსის, შპს დაბის, სს თელიანი ველის, შპს გემუანის, ი/მ გოჩა ოთარაშვილის, შპს მარნეულის სასურსათო ქარხნის, შპს მტევინოს, შპს თენგიზ ბალუაშვილის ქართული ვაზი და ღვინის, შპს თიემთის, შპს ქართული ლიმონათის, შპს ტერაქისი ღვინოების, შპს ჩემპის, შპს მაისტერ ბრაუს) პროდუქცია – თაფლი, ალკოჰოლიანი სასმელები (ღვინო, ჭაჭა, კონიაკი), ნატურალური წვენები, ჩირი, ჩაი, ჩურჩხელა, ტყემალი, საწებელი, ხილის ჩიფსები, ქართული სუნელები არის წარმოდგენილი. წარმოდგენილი პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. გამოფენის მონაწილე კომპანიებიდან 8 სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია.