საზოგადოება

EU-ს 12 პრიორიტეტის შესასრულებლად კვლავ მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევაა საჭირო – DRI

EU-ს 12 პრიორიტეტის შესასრულებლად კვლავ მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევაა საჭირო - DRI

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების შეფასების დოკუმენტს აქვეყნებს, რომელშიც მიმოხილულია თითოეული პრიორიტეტის შესრულების ხარისხი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია ევროკომისიის მხრიდან განსაზღვრული პირობების წარმატებით შესრულებაზე საუბრობს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესასრულებლად კვლავ მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევაა საჭირო.

„შინაარსობრივი ანალიზისა და პროცესზე საგულდაგულო დაკვირვების შედეგად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა რამდენიმე პრობლემური საკითხი გამოკვეთა:

• პოლარიზაციის გაღრმავება – ხელისუფლებამ ურთიერთობა გაამწვავა არა მხოლოდ ოპოზიციასთან, არამედ სამოქალაქო სექტორის თითქმის სრულ სპექტრთან;

• საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსტრუქციული თანამშრომლობის სურვილის არქონის მკაფიო დემონსტრირება;

• კანონის პროექტების ფორმალური ხასიათი – ევროკავშირის პრიორიტეტების შესრულების მიზნით ინიციირებული კანონის პროექტების ნაწილი არ შეესაბამება ევროკომისიის პრიორიტეტების სულისკვეთებას.“, – აღნიშნულია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასების დოკუმენტში.

გარდა ამისა, ინსტიტუტის შეფასებით, ერთი შეხედვით, პროცესის დასაწყისში მმართველი პოლიტიკური ძალა აქტიურ რეჟიმში მუშაობდა, რაც გამოიხატა საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფების შექმნაში და საკანონმდებლო ცვლილებებში, თუმცა, პარალელურად, გრძელდებოდა და უფრო ინტენსიური ხდებოდა ანტიდასავლური ნარატივები:

„ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად მიმდინარე სამუშაო პროცესს ყველაზე დიდი საფრთხე საპარლამენტო უმრავლესობის ინიცირებულმა კანონპროექტებმა („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“) შეუქმნა, რასაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ხელისუფლების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების მიუხედავად, საპროტესტო ტალღა არ შეწყდა და „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა ერთი კანონპროექტი მეორე მოსმენის დროს ჩაეგდო, ხოლო მეორე – საკანონმდებლო ორგანოდან გაეწვია“.

ანგარიში მოიცავს 2022 წლის 5 ოქტომბრიდან 2023 წლის 10 მარტის ჩათვლით პერიოდს, თუმცა, საკითხის მნიშვნელობიდან და აქტუალობიდან გამომდინარე, მასში შესაძლოა, 2022 წლის 5 ოქტომბრამდე განვითარებული მოვლენებიც იყოს თავმოყრილი.

შეგახსენებთ, 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ევროკომისიის 17 ივნისის გადაწყვეტილება დაამტკიცა, რითაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად 12 პრიორიტეტის შესრულებაზე მუშაობა დაევალა. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება მოიცავს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განმტკიცებისთვის აუცილებელი მინიმალური პრიორიტეტების ჩამონათვალს. ევროკავშირი ქვეყნის უმთავრეს პრობლემად პოლიტიკურ პოლარიზაციას ხედავს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close