საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, რომ სრულიად უზრუნველყოს სააკაშვილის უფლებები, როგორც პატიმრისა და ბრალდებულის. ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ევროკავშირი მზაობას გამოთქვამს, დაეხმაროს პარტნიორებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის კუთხით.
“ამ პარლამენტმა წინა თვეს ბატონი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიიღო რეზოლუცია. წევრი სახელმწიფოების სახელით [საქართველოს] იუსტიციის სამინისტროს დემარში გადავეცით და ჩვენი მესიჯი ძალიან მკაფიო იყო – საქართველოს მთავრობის კანონიერი ვალდებულებაა, რომ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისად სრულიად უზრუნველყოს სააკაშვილის უფლებები, როგორც პატიმრისა და ბრალდებულის.
ევროკავშირი მზად არის ამ საკითხში პარტნიორებს დაეხმაროს, მათ შორის სამედიცინო დახმარების გაწევის მხრივ”, – თქვა ვარჰეიმ.
ევროპარლამენტარის, სვენ მიქსერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი გაწვეულია, ხელისუფლების რიტორიკა და ნარატივი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი არ არის.
როგორც მიქსერმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე განაცხადა, ხელისუფლების მიერ აღნიშნული კანონპროექტის მიღების მცდელობა მაგალითია იმისა, თუ რა პრობლემებია საქართველოში.
“ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირის მხარდაჭერა ძალიან მაღალია და ჩვენ საქართველოს ევროპულ მომავალს ყოველთვის ვუჭერდით მხარს. ჩვენ აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი ამ მისწრაფებებს. ვნახეთ ძალიან ბევრი პრობლემა – სასამართლო რეფორმის და კანონის უზენაესობის მხრივ და საქართველოს მთავრობის მიერ მცდელობა, რომ აგენტების კანონი მიეღო, ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რა პრობლემებია სახელმწიფოში. ეს ძალიან შემაშფოთებელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი გაწვეულია, სახელმწიფოს რიტორიკა და ნარატივი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი არაა“,- განაცხადა სვენ მიქსერმა.
“საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ამას მისი მთავრობა არ იმსახურებს” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ევროპარლამენტარის განცხადებით, ქართველი ხალხი განსხვავდება საქართველოს მთავრობისგან.
“კოლეგებო, ყველა ნიღაბი მოხსნილია! საქართველოს მთავრობის პოზიცია გამოჩნდა, მაგრამ მოსახლეობა ამ პოზიციას არ მიიღებს. არ არსებობს, რომ საქართველოს მოსახლეობა დაბრუნდეს უკან რუსეთში. ქართველი ხალხი ძალიან განსხვავდება საქართველოს მთავრობისგან. ყველა გავიდა გარეთ და გაგვაგებინა თავისი ხმა ბრიუსელში, მოსკოვში და ა.შ არა მხოლოდ თბილისში, ბათუმში და ქუთაისში იყო გამოთქმული მოსაზრება, რომ თქვენ ვერ დაწვავთ ჩვენ ევროპულ იდენტობას, ევროკავშირის დროშის დაწვით, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის.
საქართველოს კონსტიტუციის მუხლი მოითხოვს, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.
ისინი, ვინც პარლამენტში არიან, მათ უღალატეს თავიანთ მოსახლეობას, მათ საქართველოს მოსახლეობა აიძულეს ქუჩაში გასულიყვნენ. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ამას მისი მთავრობა არ იმსახურებს“ – განაცხადა კრამონმა.