საზოგადოება

პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა რუსეთის მხარდამჭერებმა დაწვეს

პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა რუსეთის მხარდამჭერებმა დაწვეს

პარლამენტთან შეკრებილი პრორუსული ძალების წარმომადგენლებმა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. საქმე ის არის, რომ დღეს რამდენიმე მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.

ორგანიზატორებს სამი მოთხოვნა აქვთ: ჩატარდეს რეფერენდუმი და „აგენტებს დაერქვათ თავის სახელი”, ასევე 5 ივლისს დაკავებულები გათავისუფლდნენ და „სამაგალითოდ დაისაჯონ“ ისინი, ვინც მათი თქმით, „გადატრიალებას აორგანიზებდა”.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ აღმართული დროშა ჩამოხსნეს და ცეცხლი წაუკიდეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, თუმცა სიმბოლიკის შებღალვაზე რეაგირება არ ჰქონიათ. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელიც, თუმცა მას მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ინფორმაციისთვის შეგახსენებთ, რომ ევროკავშირისა და ნატოს დროშების შებღალვა დასჯადია.

ევროკავშირის დროშის შებღალვა დასჯადია და ითვალისწინებს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ სპეციალური მუხლი 2021 წლის მოვლენების შემდეგ ჩაიდო, როცა „ალტ ინფოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ თანახმად, საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრიც არის საქართველო, ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დროშის ან გერბის შებღალვა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.

ამასთან, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close