მსოფლიო

Washington Post, BBC, Guardian, Reuters, CNN – რას წერს უცხოური მედია საპროტესტო აქციაზე

Washington Post, BBC, Guardian, Reuters, CNN - რას წერს უცხოური მედია საპროტესტო აქციაზე

თბილისში რუსთაველის გამზირზე პოლიციის მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლას უცხოური მედია ეხმაურება. აქცია მოჰყვა პარლამენტის მიერ 7 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებას, რასაც ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები. პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში წყლის ჭავლის და ცრემლმდენი გაზის მეშვეობით შლიდა აქციის ათასობით მონაწილეს.

“უცხოურ აგენტებზე კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას თბილისში პროტესტი მოჰყვა” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას CNN და წერს, რომ უცხოური აგენტების კანონპროექტს, რომელიც ორგანიზაციებს აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს, სამოქალაქო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან.

კანონპროექტი არა მხოლოდ ადგილობრივმა, არამედ ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის ობიექტიც გახდა. მათ შორის Human Rights Watch და Amnesty International არიან და ისინი მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების უფლებას შეზღუდავს.

თბილისში გამართულ აქციაზე წერს სააგენტო Reuters. ვრცელ სტატიაში ვკითხულობთ, რომ პროტესტის ათასობით მონაწილე პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით. მოწინააღმდეგეების შეფასებით, კანონპროექტის მიღებით საქართველო ავტორიტარიზმის მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს. Reuters ასევე აღნიშნავს, რომ გასულ წელს ევროკავშირმა უარი უთხრა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, რისი მიზეზიც პოლიტიკური და სასამართლო რეფორმის შეფერხება იყო.

პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა ”ავტორიტარული” კანონის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეების მიმართ. ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული Guardian სტატიას. გამოცემის ცნობით, ცრემლსადენი გაზისგან დაშავებული მოქალაქეები პარლამენტის კიბეზევე იღებდნენ პირველად დახმარებას.

“აქ იმიტომ მოვედი რომ ვიცი ჩემი ქვეყანა ევროპას ეკუთვნის, თუმცა ჩვენს მთავრობას ეს არ ესმის. აქ ვარ იმისთვის, რომ ჩემი ქვეყანა დავიცვა, რადგან აღარ გვინდა რუსეთის ნაწილი კიდევ ერთხელ გავხდეთ”,-უთხრა Guardian-ს დემეტრე შანშიაშვილმა.

“ბევრი ქართველისთვის რუსეთი მტერია მას შემდეგ, რაც გასული საუკუნის 90-იან წლებში მოსკოვმა მხარი დაუჭირა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სეპარატისტულ ძალებს. შედეგად ათასობით ქართველი საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული პირი გახდა”,-წერს Guardian.

წუხელ ღამით თბილისში მომხდარ მოვლენებს BBC-ც ეხმაურება და წერს, რომ პოლიციასა და პროტესტის მონაწილეებს შორის დაპირისპირება პარლამენტის მიერ სადავო კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას მოჰყვა, რადგან როგორც მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ის ზღუდვას პრესის თავისუფლებასა და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას.

“პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ხალხის დასაშლელად პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი. აქციის ზოგიერთი მონაწილე გაზით მოწამლული იწვა, ნაწილი კი ევროკავშირისა და საქართველოს დროშებს აფრიალებდა”,-წერს BBC. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ კანონპროექტი საერთაშორისო დონეზეც დაგმეს. მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა თქვა, რომ „უცხოეთის აგენტების კანონი“ ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

„ეს უზარმაზარი შეფერხება იქნება შეერთებული შტატების უნარისთვის, იყოს ქართველი ხალხის პარტნიორი“, – თქვა მან.

საპროტესტო აქციას ამერიკული Washington post-ც გამოეხმაურა. გამოცემის თანახმად, საქართველოს მთავრობამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მედიის შემზღუდავ კანონპროექტს. Washington post-ის თანახმად, რუსეთში უცხოური აგენტების შესახებ კანონი მთავრობამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ხშირად იყენებს და ხურავს მათ.

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას და ამ მოვლენასთან დაკავშირებულ საპროტესტო გამოსვლებს წუხელვე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი. “მის საბოლოო მიღებას შეიძლება ჩვენი ურთიერთობებისთვის სავალალო შედეგები მოჰყვეს”,-აცხადებს ის.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close