ეკონომიკა

ქართულ ბაზარზე თურქეთიდან იმპორტირებული პროდუქტები გაძვირდა

ქართულ ბაზარზე თურქეთიდან იმპორტირებული პროდუქტები გაძვირდა

ქართულ ბაზარზე პომიდორი და ტკბილი წიწაკა გაძვირდა, რადგანაც წელიწადის ამ დროს აღნიშნულ პროდუქტებზე იმპორტი ძირითადად თურქეთიდან ხორციელდება. რეგიონში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ კი მომავალში ფასებზე შესაძლოა, კიდევ უფრო ნეგატიური გავლენა მოახდინოს.

2023 წლის 24 თებერვალს EastFruit-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ რამდენიმე ძირითადი პროდუქტი გაძვირდა. წელიწადის ამ დროს ეს პროდუქტები იმპორტით შემოდის, ამიტომ ფასების ცვალებადობა შიდა ვაჭრობასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

ერთი კვირის განმავლობაში წითელი პომიდორი 26%-ით, ხოლო წითელი და მწვანე ტკბილი წიწაკა 11%-ით გაძვირდა, ასევე 11%-ით გაძვირდა პომიდორი ჩერი. თუ ერთი კვირის წინ 1 კილოგრამი წითელი პომიდორი 4,50 ლარი ღირდა, ახლა მისი ფასი 5 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ტკბილ წიწაკას, 5 ლარის ნაცვლად ახლა ის 5,5 ლარი ღირს.

ფასების ცვლილება თურქეთთან არის კავშირში, რომელიც აღნიშნული პროდუქტების ერთადერთი იმპორტიორია საქართველოში. ზოგადად, ქართული ბაზარი დამოკიდებულია იმპორტზე თურქეთიდან, რადგან ადგილობრივი წარმოება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის. ფასების მატების ერთ-ერთი მიზეზია ასევე ცივი ამინდები დასავლეთ საქართველოში, რამაც ლოგისტიკის შეფერხებაც გამოიწვია. გაძვირების კიდევ ერთი მასტიმულირებელი ფაქტორია რამდენიმე კვირის წინ მომხდარი მიწისძვრა თურქეთში. ჯერ კიდევ უცნობია, როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი მომავალში ფასებზე – წერს east-fruit.

როგორც წესი, ქართული ბაზარი თურქულ პომიდორსა და წიწაკაზე დამოკიდებული ივლისამდეა. ამის შემდეგ იწყება ადგილობრივი მოსავლის აღება და იმპორტი მცირდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close