პოლიტიკა

ომბუდსმენის კონსილიუმი – შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები

ომბუდსმენის კონსილიუმი - შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები

სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ვიზიტის შემდეგ დამძიმებულია და მას აღენიშნება „სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია და ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით“.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ექპერტთა შეფასებაშია აღნიშნული, პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში და „შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება“.

„19 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტმა ჯგუფმა მორიგი ვიზიტი განახორციელა კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასების მიზნით.

სახალხო დამცველის მანდატის გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტების მიზანი, შექმნის დღიდანვე, არის პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი. ჯგუფი არ ერთვებოდა/არ ერთვება პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში.

19 თებერვალს ექსპერტთა ჯგუფის წევრებს დაგეგმილი ჰქონდათ პაციენტის გასინჯვა და მისი სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობა. მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური გასინჯვა მოხერხდა, ხოლო, სამედიცინო მასალების ადგილზე მოწოდება, სამწუხაროდ, კლინიკამ ვერ უზრუნველყო არასამუშაო დღის გამო. თუმცა, სახალხო დამცველის აპარატმა გამოითხოვა სრული სამედიცინო მასალები 2022 წლის 4 დეკემბრიდან (ექსპერტთა ბოლო ვიზიტი მიხეილ სააკაშვილთან) ამ დრომდე და მასალების გაცნობას ექსპერტთა ჯგუფი განახორციელებს დამატებით.

სახალხო დამცველის აპარატი და ექსპერტთა ჯგუფი უახლოეს პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მართვის დოკუმენტურ მონიტორინგს ინტენსიურად გააგრძელებს.

19 თებერვლის ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: თენგიზ წულაძემ (ნევროლოგი), გრიგოლი ხურციძემ (თერაპევტი, შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა), გიორგი კაჭარავამ (კარდიოლოგი) და ნინო ზავრაშვილმა (ენდოკრინოლოგი). ვიზიტის შემდგომ გამართულ ონლაინ დისკუსიებში მონაწილეობა ასევე მიიღო გიორგი პაპიაშვილმა (კარდიოლოგ/არითმიოლოგი) და გიორგი გრიგოლიამ (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი).

ექიმ-ექსპერტების დასკვნა: პაციენტის მდგომარეობა – საგრძნობი დამძიმება 4 დეკემბრის (ბოლო ვიზიტი პაციენტთან) შემდეგ.

ობიექტური გამოკვლევით: გამოხატულია მძიმე სარკოპენია.

პაციენტმა დაიკლო კიდევ 5.7 კილოგრამი კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე. გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო.

წამოდგომისას აღინიშნება წნევის ძლიერი ვარდნა 125/75-იდან 60/40-მდე, რასაც თან ერთვის წონასწორობის კარგვა და კოორდინაციის საგრძნობი მოშლა. აღსანიშნავია გონებრივი ფუნქციების კიდევ უფრო დაქვეითება

შთაბეჭდილება:

სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია.

ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.

პროგნოზი და რისკები: 1. პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში.

შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას.

ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში.

მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები.

გაღრმავებულია პერიფერული და აუტონომიური ნევროპათია, რაც წამოდგომისას იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას.

ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა, რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანების/მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, კახექსიური სხეულის რესურსი იმისათვის რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების (სისხლჩაქცევა, ინფექცია, ღრმა ვენების თრომბოზი და ა.შ) კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით.

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები: გიორგი გრიგოლია; გრიგოლი ხურციძე; გიორგი კაჭარავა; გიორგი პაპიაშვილი; თენგიზ წულაძე; ნინო ზავრაშვილი“,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close