დღის ამბები

გადასარეკი ტრასების პრობლემის გადაწყვეტისთვის მთავრობა ახალ პროგრამას იწყებს

გადასარეკი ტრასების პრობლემის გადაწყვეტისთვის მთავრობა ახალ პროგრამას იწყებს

მთავრობა გადასარეკი ტრასების პრობლემის მოგვარების მიზნით ფერმერებს ახალ სახელმწიფო პროგრამას შესთავაზებს. ამის შესახებ  მიწის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა.

ეს პრობლემა წლებია, განსაკუთრებით მეცხვარეებს აწუხებთ, თუმცა ამ დრომდე მისი გადაწყვეტა ვერ მოხერხდა. პრობლემაა ის, რომ ტერიტორიები, სადაც ცხვრის გადასარეკი ტრასა გადის, თავის დროზე კერძო პირებს აქვთ შეძენილი, ამიტომ ახლა მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, რა გზით მოხდება ამ ტერიტორიებისთვის გადასარეკი ტრასის სტატუსის მინიჭება.

მოუწესრიგებელი გადასარეკი ტრასების პრობლემა არ არის ახალი, ფერმერებმა წინა წლებში რამდენჯერმე მიმართეს მთავრობას, თუმცა ამ დრომდე რაიმე კონკრეტული გადაწყვეტის გზა მათთვის არ შეუთავაზებიათ.

მეცხვარეთა ასოციაციის ინფორმაციით, გადარეკვა წელიწადში დაახლოებით ორჯერ ხდება. აქ საუბარია დაახლოებით მილიონზე მეტ ცხვარზე და 200-250 ათასამდე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე, რომელიც 100-დან 350-მდე კილომეტრს გადის. იმის გამო, რომ ტერიტორიების დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაა, ეს ხშირად იწვევს კონფლიქტს. მოუწესრიგებელი გადასარეკი ტრასების გამო მეცხვარეებს ცხვარი გადაჰყავთ საავტომობილო გზებზეც, რაც უბედური შემთხვევის მიზეზიც ხდება. ადგილი ჰქონდა ასევე შემთხვევებს, როცა ტერიტორიის მესაკუთრე ფერმერებისგან ტერიტორიაზე გატარების სანაცვლოდ ან ცხვარს ან გადასახადის გადახდას ითხოვს. მეცვხარეთა ასოციაცია ამბობს, რომ მათთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სწორედ მოუწესრიგებელი გადასარეკი ტრასები რჩება.

ის, რომ გადასარეკი ტრასების მდგომარეობა მოუწესრიგებელია, ადასტურებს  მიწის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელიც. როგორც გაირკვა, ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს შესაბამისს პროგრამაზე მუშაობა, რომელმაც ფერმერებს არსებული პრობლემა უნდა მოუგვაროს. გიორგი მიშელაძე ამბობს, რომ საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა დიდი ალბათობით პროგრამა წელსვე ამოქმედდება.

„ძალიან მოუწესრიგებელია დღეს გადასარეკი ტრასების მდგომარეობა. ჩვენ დაგვევალა ამ მიმართულების მართვა და უკვე დავიწყეთ სახელმწიფო პროგრამის შემუშავება. ცოტა ხანში მთავრობას წარვუდგენთ დასამტკიცებლად, თუმცა ეს საკმაოდ რთული და ძვირადღირებული პროგრამა გამოვა, რადგან მთლიანი ტრასა არის დაახლოებით 12 000 ჰექტარზე მეტი, ეს გადაფარვაშია ბევრ კერძო და სახელმწიფო მიწასთან. პროგრამამ უნდა დაარეგულიროს, რა წესით განხორციელდება ამ მიწების გადასარეკ ტრასად რეგისტრაცია. შეიძლება სხვა ალტერნატიული მიწების შეთავაზება მოხდეს [კერძო მესაკუთრეებისთვის], შეიძლება გამოსყიდვაც.

ამასთან, უნდა მოხდეს ტრასების აზომვა, რეგისტრაცია. სამწუხაროდ, მიწის ნაწილი რეგისტრირებულია სასოფლო-სამეურნეო მიწად და არ აქვს მას გადასარეკი ტრასის სტატუსი. შესაბამისად გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება იქნება საჭირო, რომ არავის ჰქონდეს უფლება გადასარეკ ტრასას კატეგორია შეუცვალოს ან მისი ინვენტარიზაცია მოახდინოს. საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა ვფიქრობთ, წელს ამ პროგრამის დაწყებას. საკმაოდ დიდ ფინანსურ სახსრებთან გვაქვს საქმე, რაც უნდა გამოვძებნოთ როგორც სახელმწიფო ბიუჯეტში, ისე დონორების იმედიც გვაქვს“, – აცხადებს გიორგი მიშელაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close