ეკონომიკა

დაიკლებს თუ არა ფასები საქართველოში 2023 წელს? – პროგნოზები

დაიკლებს თუ არა ფასები საქართველოში 2023 წელს? - პროგნოზები

მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკაზე სხვადასხვა ფაქტორმა იმოქმედა, თუმცა მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული შედეგები და მათ შორის, მიგრანტების შემოდინება იყო.

საერთაშორისო ბაზარზე საიმპორტო პროდუქციის გაძვირების, მიგრანტების მხრიდან საერთო მოთხოვნის ზრდის და წლის დასაწყისიდან ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის 3%-ით გამკაცრებამ წელს ინფლაციის მაჩვენებელი თითქმის 10-წლიან მაქსიმუმამდე, 13.9%-მდე გაზარდა.

მოგვიანებით, ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 10.4%-მდე დაიწია, თუმცა მაჩვენებელი კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნოემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა: სიმინდის ფქვილი (82,78%), კარტოფილი (39,23%), შესქელებული რძე და რძის შემცველი პროდუქტები (38,92%), ვაფლი კრემით (37,97%), ხახვი (37,85%) და სხვა ბევრი პროდუქტიც.

გაიაფებით კი მხოლოდ 5 პროდუქტი გაიაფდა: ქლიავი 26,37%-ით, ყურძენი 18,59%-ით, კომბოსტო – 13,76%-ით, ნიორი – 6,90%-ით და ბადრიჯანი – 0,93%-ით.

სამომხმარებლო ფასების მკვეთრი ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა ქვეყნის მოსახლეობისთვის, პირდაპირ აისახება მათ ჯიბეზე და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას.

სიძვირის დაძლევის გზებზე ქართველ ეკონომისტებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ, ასევე განსხვავებულია პროგნოზები 2023 წლის ინფლაციასთან დაკავშირებითაც. ამ სტატიაში სწორედ რამდენიმე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზს გაგაცნობთ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) თანახმად, წელს საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზრდება და აღნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა მიმდინარე წელს მდგრადი იყო, უკრაინაში ომით გამოწვეულმა შედეგებმა კი მოსალოდნელზე ნაკლები ეფექტი იქონია. რაც შეეხება ინფლაციას, IMF წელს სამომხმარებლო ფასების 11.6%-ით ზრდას ვარაუდობს, ხოლო 2023 წლიდან, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის კვალდაკვალ, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ინფლაციის მაჩვენებლის 6%-მდე შემცირებას მოელის, 2024 წლიდან კი ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს უნდა დაუახლოვდეს და 3%-მდე ჩამოვიდეს.

მსოფლიო ბანკი (WB) 2022 წელს საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის 8.8%-იან მატებას ვარაუდობს, თუმცა ორნიშნა იქნება ინფლაცია წელს WB-ს პროგნოზითაც, 2023 წლის ბოლოსთვის კი ფასებზე წნეხი უნდა შემსუბუქდეს ნავთობის ღირებულებისა და მიწოდების შეფერხებების კლების ფონზე. ბანკის თანახმად, მუდმივმა ინფლაციამ, გლობალურად ფინანსური მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად, შესაძლოა, გავლენა იქონიოს ლარის კურსზე, დოლარიზაციის მაღალმა დონემ კი მაკრო-ფინანსურ სტაბილურობაზე.

მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და ტურიზმის აღდგენის პოზიტიურ ტემპს უსვამს ხაზს ევროპის რეკონსტრუქციის ბანკიც (EBRD) რომლის თანახმადაც, 2022-ში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8% იქნება, 2023 წელს კი გაურკვევლობის მაღალი დონისა და გარე შოკების მაღალი ალბათობის გამო, ზრდა 5%-მდე შემცირდება. EBRD წელს ინფლაციის 11.6%-იან მაჩვენებელს პროგნოზირებს, 2023 წლიდან კი კლებას.

აზიის განვითარების ბანკის (ADB) თანახმად, 2022-ში საქართველოს ეკონომიკის 7%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. რაც შეეხება 2023 წელს, ADB რეალური მშპ-ს 6%-ით ზრდას პროგნოზირებს. ორნიშნა, 11%-იანია აზიის განვითარების ბანკის ინფლაციის პროგნოზიც 2022 წლისთვის, მომდევნო წლისთვის კი მაჩვენებლის 5%-მდე კლებაა მოსალოდნელი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თანახმად, საქართველოში ინფლაცია კლებას 2023 წლის თებერვლიდან დაიწყებს, მიზნობრივ მაჩვენებელს მომდევნო წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება

ქართული კვლევითი ორგანიზაცია TBC Capital-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შედარებით პესიმისტური, 3.5%-იანია, ინფლაციის დონე კი, ორგანიზაციის თანახმად, მომდევნო წელს მკვეთრად შემცირდება და საშუალოდ 4% იქნება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close