დღის ამბები

მთავრობამ ფარმაცევტულ კომპანიებს მედიკამენტებზე მოგების მაქსიმალური მარჟა დაუწესა

მთავრობამ ფარმაცევტულ კომპანიებს მედიკამენტებზე მოგების მაქსიმალური მარჟა დაუწესა

მთავრობამ ფარმაცევტულ კომპანიებს მედიკამენტებზე მოგების მაქსიმალური მარჟა განუსაზღვრა. შესაბამისი დადგენილებით, მომავალი წლიდან 100 ლარის ან მეტი ღირებულების მედიკამენტის რეალიზაციას კომპანიები მხოლოდ 20 ლარის ფასნამატით შეძლებენ.

როგორც ცნობილია, მომავალი წლიდან ძალაში შედის მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები, რომელიც განსაზღვრავს ფასის იმ მაქსიმალურ ზედა ზღვარს, რომელზე ძვირადაც პროდუქტის რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.

რეფერენტული საცალო ფასი რეფერენტული საბითუმო ფასიდან დაითვლება, სააფთიაქო დარიცხვის პროცენტით ან საცალო კოეფიციენტის საშუალებით. კერძოდ, თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 5 ლარამდეა – რეალიზატორს მისი მაქსიმუმ 40%-იანი მოგების მარჟით რეალიზაციის უფლება ექნება. 50-დან 100 ლარამდე რეფერენტული საბითუმო ფასის შემთხვევაში მაქსიმალური მარჟა 15%-ით განისაზღვრა, 100 ლარი ან მეტის შემთხვევაში კი ფასნამატი მხოლოდ 20 ლარი შეიძლება იყოს.

მუხლი 9. ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული საცალო ფასის დათვლის წესი

1. რეფერენტული საცალო ფასი ითვლება რეფერენტული საბითუმო ფასიდან, სააფთიაქო დარიცხვის პროცენტით ან საცალო კოეფიციენტის საშუალებით, შემდეგი წესით:

ა) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 5 ლარამდეა – მას ემატება 40% დარიცხვა;
ბ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 5-დან 10 ლარამდეა – მას ემატება 35% დარიცხვა;
გ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 10-დან 20 ლარამდეა – მას ემატება 30% დარიცხვა;
დ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 20-დან 30 ლარამდეა – მას ემატება 25% დარიცხვა;
ე) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 30-დან 50 ლარამდეა – მას ემატება 20% დარიცხვა;
ვ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 50-დან 100 ლარამდეა – მას ემატება 15% დარიცხვა;
ზ) თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 100 ლარი ან მეტია, მაშინ რეფერენტულ საბითუმო ფასს სტანდარტულად ემატება მხოლოდ 20 ლარი.

რეფერენტული ფასი ორ დონედ დადგინდება. კერძოდ, ფასის რეგულირების პირობები განსხვავებული იქნება ორიგინალური და გენერიკული ფარმაცევტული პროდუქტის შემთხვევაში.

კერძოდ, ორიგინალური ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის, ბიოლოგიური ორიგინალის, რეფერენტული ფასის დადგენისას შესადარებელ პროდუქტად გამოიყენება რეფერენტულ ქვეყნებში იგივე ორიგინალური ფარმაცევტული პროდუქტი, ხოლო გენერიკული და კვლავწარმოებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის, ბიომიმსგავსებული პროდუქტის, ფასის დადგენისას შესადარებლად გამოიყენება რეფერენტულ ქვეყნებში მოძიებული ყველა შესადარებელი პროდუქტი (გარდა ორიგინალისა).

ფასები წელიწადში ერთხელ გადაიხედება. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ვალუტის საშუალო კურსი დოლარსა და ევროსთან მიმართებით 10%-ით ან მეტით გამყარდება ან გაუფასურდება, ეს იქნება საფუძველი ფარმაცევტულ პროდუქტებზე დაწესებული ფასები განახლდეს.

აღსანიშნია, რომ ფასების საერთაშორისო შედარებისთვის საქართველო იყენებს ოთხი რეფერენტული ქვეყნის რეფერენტულ ფასებს. ეს ქვეყნებია: ლატვიის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ბულგარეთის რესპუბლიკა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close