მსოფლიო

ევროკავშირის ახალი ვალდებულება – აკუმულატორული ბატარეები მათი შეკეთების რესურსით უნდა დამზადდდეს

ევროკავშირის ახალი ვალდებულება - აკუმულატორული ბატარეები მათი შეკეთების რესურსით უნდა დამზადდდეს

ევროკავშირში აკუმულატორული ბატარეების მწარმოებლები დაავალდებულეს, ბატარეები ისე დაამზადონ, რომ მოგვიანებით მათი შეკეთება იყოს შესაძელბელი. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ეს ელექტრონული ნარჩენების რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს და მყიდველებს ფულს დააზოგინებს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

სმარტფონების, მათ შორის iPhone-ების, სკუტერების, ელექტროველოსიპედების ბატარეები ისე უნდა დაპროექტდეს, რომ მათი გამოცვლა თავად მომხმარებლებმა ან სარემონტო სერვისებმა ადვილად შეძლონ. ამასთან, აკუმულატორები QR კოდებს უნდა შეიცავდეს, რომლის მეშვეობითაც მოწყობილობის მფლობელებს საშუალება ექნებათ, პროდუქტის სიმძლავრის, მუშაობის, გამძლეობისა და ქიმიური შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია მიიღონ.

თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროდუქცია ევროკავშირში გასაყიდად არ დაიშვება.

ევროკავშირმა, ასევე, ბატარეების შეგროვების მიზნები შეიმუშავა, რომ შემდგომში მათი გადამუშავება მოხდეს. კერძოდ, 2030 წლისთვის პორტატული ბატარეების 73%, ხოლო ელექტრომობილების აკუმულატორების 100% უნდა გადამუშავდეს.

2020 წელს, „ევროპის მწვანე შეთანხმების“ (European Green Deal) ფარგლებში, ევროკავშირმა ციკლური ეკონომიკის შექმნა დაისახა მიზნად, რომლის დროსაც ყველა სახის რესურსი მეორადად და რაც შეიძლება, დიდხანს უნდა იქნეს გამოყენებული. კერძოდ, ახლახან ბრიუსელმა კანონმდებლობით უკვე დაავალდებულა ტექნოლოგიების მწარმოებლები, მათ შორის Apple, რომ 2024 წლის შემოდგომისთვის ტელეფონები, პლანშეტები და ყურსასმენები საერთო USB-C დამუხტვის კონექტორით დაამზადონ. ამასთან, 2021 წელს ევროკავშირმა ტექნიკის მწარმოებლებს მოუწოდა, ელექტრომოწყობილობები შემდგომი რემონტის შესაძლებლობებით დაემზადებინათ.

კერძოდ, გასული წლის აგვისტოში ევროკომისიის ერთიანმა კვლევითმა ცენტრმა მწარმოებლებს ტექნიკის დამზადების დროს წებოს ნაცვლად, ხრახნების გამოყენება შესთავაზა. ამასთან, მეცნიერების შეფასებით, მოწყობილობებში ჩაშენებული მეხსიერების გაფართოებამ შესაძლოა, მათი მომსახურების ვადა გაზარდონ. კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თანამედროვე მოწყობილობების უმეტესობა შექმნილია ისე, რომ ერთი კომპონენტის შეკეთება შესაძლოა, ახალი პროდუქტის მთლიანი ფასის 40%-მდე დაჯდეს ან შესაკეთებელი მოწყობილობის ღირებულებას გადააჭარბოს. ეს მომხმარებლებს აიძულებს, ახალი ტექნიკა შეიძნონ, ნახმარი კი გადაყარონ, რითიც უფრო მეტი ელექტრონარჩენი გროვდება, ეს ნარჩენი კი, ჩვეულებრივი ნაგვისგან განსხვავებით, გადამუშავებას, პრაქტიკულად, არ ექვემდებარება.

ევროპელმა მეცნიერებმა, ასევე, მარტივი შეკეთების შეფასების სისტემა შეიმუშავეს, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ტექნიკურ ცნობარს ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებლებისთვის, რათა მათ ახალი პროდუქტები განავითარონ.

„ევროპის მწვანე შეთანხმების“ (European Green Deal) ფარგლებში, ციკლურ ეკონომიკაზე გადასვლაზე ევროკავშირის ბევრი ქვეყანა აქტიურად მუშაობს. მაგალითად, ფინეთი ციკლურ ეკონომიკაზე გადასვლას 2035 წლისთვის აპირებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close