დღის ამბები

ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ პირს ორ კვირაში ფულადი კომპენსაციის გადახდა მოუწევს – რა ოდენობაზეა საუბარი

ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ პირს ორ კვირაში ფულადი კომპენსაციის გადახდა მოუწევს - რა ოდენობაზეა საუბარი

კულტურის კომიტეტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა.

კანონში შესატან ცვლილებებზე, პროექტის ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა ეკა სეფაშვილმა ისაუბრა, რომელმაც კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა განმარტა.

მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ინტელექტუალური საკუთრების დარღვევისთვის ქართულ კანონმდებლობაში შესაბამისი ჩანაწერები უკვე არსებობს, თუმცა, არსებულმა მიდგომამ ბაზარზე არასამართლებრივი კონკურენცია წარმოშვა და კანონის მოქმედმა მუხლმა ბაზრის მონაწილეებისთვის არაკეთილსინდისიერი გამოყენების შესაძლებლობა გააჩინა.

ეკა სეფაშვილის განცხადებით, სწორედ აღნიშნულ პროცესში მონაწილე მხარეების ინტერესებიდან გამომდინარე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის მომზადება გახდა საჭირო, რომლის თანახმად ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის შემთხვევაში, ინტელექტუალური საკუთრების უფლებამოსილი პირის განცხადების შემდეგ, დარღვეული უფლების კომპენსაციისთვის, დამრღვევ პირს ორკვირიანი ვადა მიეცემა, რომ მან უფლებამოსილ პირს მისაღებ ფულად ანაზღაურებაზე 10%-ით მეტი ოდენობა გადაუხადოს.

იმ შემთხვევაში კი, თუ დამრღვევი მიმართვიდან ორი კვირის ვადაში არ გადაიხდის ერთჯერად ფულად კომპენსაციას, უფლების მფლობელს შესაძლებლობა ეძლევა სასამართლოს გზით ფულადი ანაზღაურების ათმაგი ოდენობა მოითხოვოს.

კანონპროექტთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს და ის კონკრეტული შემთხვევები განიხილეს, რასაც წარმოდგენილი ცვლილებები დაარეგულირებს.

განხილვის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა პირველი მოსმენით, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

საკანონმდებლო ცვლილებების ავტორის მოთხოვნით, კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close