Home დღის ამბები ეკონომიკა შიდა ფრენებს თელავის მიმართულება დაემატება

შიდა ფრენებს თელავის მიმართულება დაემატება

მგზავრთა შიდა საჰაერო გადაყვანებს 100%-ით სახელმწიფო ასუბსიდირებს. შიდა ფრენებს „აეროპორტების გაერთიანების“ მიერ 2018 წელს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია AK-Air Georgia ახორციელებს.

ამ დროისთვის ფრენები მესტიის, ბათუმის, ამბროლაურის მიმართულებით და ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით სრულდება. როგორც აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ  განაცხადა, მომავალი წლიდან შიდა ფრენებს ახალი მიმართულება დაემატება. საუბარია თელავი-მესტია, თელავი-ბათუმის მიმართულებებზე. ფრენები თელავის აეროპორტ „მიმინოდან“ განხორციელდება.

„განიხილება შიდა ფრენების ახალ ტენდერში მიმართულებების დამატება როგორიც გახლავთ თელავი-მესტია, თელავი-ბათუმი. განიხილება ასევე სიხშირეების ზრდაც. შიდა ფრენების ტენდერის გამოცხადებას ველოდებით 2023 წლის პირველ ნახევარში, რაც შესაბამისად საშუალებას მოგვცემს შიდა ფრენების პროექტი გაგრძელდეს უწყვეტად“, – აცხადებს თამარ არჩუაძე.

შიდა ფრენების სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში როგორც მიმდინარე წელს, ისე 2023 წელს, 8 მილიონი ლარია გათვალისწინებული.