მსოფლიო

ყავის მსოფლიო მოხმარება ათწლეულის ბოლომდე წელიწადში 1-2%-ით გაიზრდება

ყავის მსოფლიო მოხმარება ათწლეულის ბოლომდე წელიწადში 1-2%-ით გაიზრდება

ყავის მსოფლიო მოხმარება მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე წელიწადში 1-2%-ით გაიზრდება. ამის შესახებ ყავის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICO) აღმასრულებელმა დირექტორმა, ვანუსია ნოგეირამ ჰანოის კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ვიეტნამის ყავისა და კაკაოს მწარმოებელთა ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული.

ნოგეირას შეფასებით, ამაჟამად თავის მოკლევადიან პროგნოზში ICO „უფრო კონსერვატიულია,“ ხოლო ორგანიზაციის წინა პროგნოზი, ყავის საშუალო მოხმარების 3,3%-იანი ზრდის შესახებ, მეტად ოპტიმისტური იყო. მოთხოვნაზე უარყოფითი გავლენა ევროპის მაღალმა ინფლაციამ და უკრაინის ომმა მოახდნა.

Bloomberg-თან ინტერვიუს დროს ნოგეირამ განაცხადა, რომ ყავის ბაზარი ამ დროისთვის დეფიციტურია, თუმცა ის ვარაუდობს, რომ მიწოდება და მოთხოვნა მომდევნო ორ-სამ წელიწადში დაბალანსდება. მისი თქმით, რობუსტას ჯიშის ყავის წარმოება არაბიკაზე სწრაფად გაიზრდება და ამ ჯიშზე მოთხოვნა უფრო მაღალი იქნება.

თავის მხრივ, ვიეტნამის ყავისა და კაკაოს მწარმოებელთა ასოციაციის ვიცე-თავმჯდომარე, დო ჰა ნამი პროგნოზირებს, რომ ქვეყანაში ყავაზე შიდა მოთხოვნა, ამჟამინდელ 300 000 ტონასთან შედარებით, წელიწადში 5-10%-ით გაიზრდება.

ICO, რომლის სათაო ოფისიც ლონდონში მდებარეობს, ყავის ექსპორტიორთა და იმპორტიორთა საერთაშორისო ორგანიზაციაა. ის წარმოადგენს ქვეყნებს, რომელთა წილიც მსოფლიო ყავის წარმოებაში 90%, მოხმარებაში კი 60%-ია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close