დღის ამბები

„ფასებმა დაახლოებით, 10-15%-ით მოიმატა“ – როგორია მოთხოვნა და რომელი ქვეყნის დამსვენებლები ჭარბობენ წლევანდელ სეზონზე ბაკურიანში

„ფასებმა დაახლოებით, 10-15%-ით მოიმატა“ - როგორია მოთხოვნა და რომელი ქვეყნის დამსვენებლები ჭარბობენ წლევანდელ სეზონზე ბაკურიანში

წლევანდელი ზამთრის სეზონი საქართველოს სამთო კურორტისთვის – ბაკურიანისთვის განსაკუთრებულად დაიწყო. 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს სწორედ ბაკურიანი მასპინძლობს.

რა მდგომარეობაა რეგიონის ტურისტულ სექტორში, მოიმატა თუ არა ფასმა და რომელი ქვეყნიდან ჭარბობენ დამსვენებლები წელს საქართველოს მთის ამ კურორტზე.

როგორც აღმოჩნდა, პანდემიის შემდეგ, წელს ბაკურიანში დასვენებაზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია. ახალი წლის და შემდგომი პერიოდისთვის თავისუფალი ნომრები თითქმის აღარ არის. განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა უცხოელი ტურისტებისგან. გაირკვა, რომ წელს დიდია დაინტერესება საფრანგეთის, იტალიისა და რუსეთის მოქალაქეების მხრიდან. ეს უკანასკნელები ნომრებს ძირითადად თბილისიდან ჯავშნიან, სადაც რამდენიმე თვის წინ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ.

“შარშანდელთან შედარებით ფასები გაზრდილია. დაახლოებით, 10-15%-ით მოიმატა, რაც ძირითადად გაზრდილი მოთხოვნის შედეგია”, – განაცხადა  კომპლექს “ვილა მონტეს” წარმომადგენელმა.

არსებობს მეორე კატეგორიაც, ვინც უცხოელებზე გაქირავებისგან თავს იკავებს და ამისთვის საერთაშორისო პლატფორმის, airbnb-ის მომსახურებაზეც უარი თქვა და გასაქირავებლად მხოლოდ ადგილობრივ საშუალებებს იყენებს.

“იმის გამო, რომ ქირაობის მსურველთა 90% რუსი იყო, საერთოდ გავაუქმე airbnb-ის მომსახურება და გადავწყვიტე, მხოლოდ საკუთარი ძალებით გავაქირაო. სოციალური ქსელი ამ მხრივ კომფორტულია და რაც მთავარია, ეფექტური”, – განაცხადა სასტუმროს ტიპის აპარტამენტის, Green studio in Bakuriani-ის მეპატრონემ.

რაც შეეხება ჩემპიონატისთვის მზადებას, ხმები აქაც ორ ნაწილად გაიყო: ერთი ნაწილი არც ადასტურებს და არც უარყოფს ჩემპიონატისთვის ფასების გაძვირების ალბათობას, მეორე კი ამ მოვლენისთვის ფასების მატების შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს კურორტი ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით. დიდველისა და მიტარბის არეალში უმოკლეს ვადებში აშენდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი (ტბა) ჯამური მოცულობით 307 000 მ3, რომელიც აუცილებელია გათოვლიანების სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. ასევე აქტიურად მიმდინარეობს 29 კმ-იანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი. მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში აშენდა 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა.

ჩემპიონატი 2023 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 5 მარტს დასრულდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close