ეკონომიკა

2022 წლის III კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ორჯერ გაიზარდა

2022 წლის III კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ორჯერ გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის III კვარტალში 745.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე ორჯერ მეტია – ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საერთო ჯამში, წელს 9 თვეში საქართველოში 1,675 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 101,1%-ით მეტია. 2021 წლის 9 თვეში FDI-ს ზომა 830,7 მლნ დოლარი იყო.

2022 წლის III კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 6-ჯერ გაიზარდა და 226.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30.3%-ია. რეინვესტიციამ 446.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და შესაბამისად მისი წილი 60.0%-ით განისაზღვრა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2022 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 265.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორი – 159.0 მლნ. აშშ დოლარით (21.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორი 143.2 მლნ. აშშ დოლარით (19.2 პროცენტი).

შეგახსენებთ, საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 მლრდ 242 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close