ეკონომიკა

საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში თითქმის 259 ლარით გაიზარდა და 1 714 ლარს გაუტოლდა

საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში თითქმის 259 ლარით გაიზარდა და 1 714 ლარს გაუტოლდა

2022 წლის მე-3 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 17.4 პროცენტით გაიზარდა და 47.5 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2022 წლის მე-3 კვარტალში მისი მოცულობა 18.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 25.8 პროცენტით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის მე-3 კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 723.3 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.7 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.5 პროცენტი ქალია, ხოლო 57.5 პროცენტი – კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 35.3 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 683.1 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.5 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 3 579.8 მლნ ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.7 პროცენტით მეტი).

ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის მე-3 კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 714.2 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 258.7 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა 1 317.7 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 174.2 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

მსხვილი ბიზნესი – 1 794.4 ლარი;

საშუალო ბიზნესი – 1 955.2 ლარი;

მცირე ბიზნესი – 1 420.4 ლარი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close