დღის ამბები

რა უნდა გააკეთოთ ახალი წლის საღამოს? – ყველაფერი, რაც 2023 წელთან შესახვედრად უნდა გაითვალისწინოთ

რა უნდა გააკეთოთ ახალი წლის საღამოს? - ყველაფერი, რაც 2023 წელთან შესახვედრად უნდა გაითვალისწინოთ

ახალი წელი უამრავი ადამიანისათვის საყვარელი დღესასწაულია და ყოველთვის სიახლეებსა და სასიკეთო ცვლილებებს ველოდებით. მალე შავი კურდღლის წელს აღვნიშნავთ და საინტერესოა წინასწარ იმის განსაზღვრაც, თუ როგორ შევხვდეთ ამ წელს, რომ ბედნიერება და წარმატება მოვიზიდოთ.

ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ მომავალი წელი სამართლიანად შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ჩაითვალოს, რადგან კურდღელი დიდი ხანია სიმშვიდისა და სტაბილურობის სიმბოლოა. მათი თქმით, ამ წელს რაიმე გლობალური ცვლილება მოსალოდნელი არ არის, თუმცა ყველაფერი განსაზღვრული გეგმის მიხედვით წარიმართება. შავი კურდღლის წელი ბევრ სასიხარულო ამბავსა და სიმშვიდეს გვპირდება. განსაკუთრებით კი კურდღლის წელში დაბადებულ ადამიანებს გაუმართლებთ.

სად შევხვდეთ შავი კურდღლის წელს?

კურდღელი მეოჯახე ცხოველია, ამიტომ უმჯობესია, ახალი წელი ოჯახთან ან ახლო მეგობრებთან ერთად აღვნიშნოთ. ამ ნიშანს ხმაურიანი წვეულებები არ უყვარს და მყუდრო, თბილი შეკრებები ურჩევნია. სტუმრების სიის შედგენამდე გაითვალისწინეთ, რომ აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, კურდღელს უცნობ ადამიანებთან კომუნიკაცია არ მოსწონს და ახლობლების გარემოში ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს. ამიტომაც, შეკრიბეთ ოჯახის წევრები და ახლობლები, მოაწყვეთ მყუდრო გარემო და მშვიდად აღნიშნეთ ეს დღე.

როგორ უნდა გავაფორმოთ სახლი 2023 წელთან შესახვედრად?

სახლის გასაფორმებლად შეიძლება გამოიყენოთ ლურჯი, ოქროსფერი, შოკოლადისფერი, მწვანე ფერები. კურდღელს მკვეთრი ფერები არ უყვარს და ურჩევნია, უფრო მყუდრო ჩრდილებს მიანიჭოს უპირატესობა. მაგიდისა და ოთახების დეკორაციაში თავი უნდა აარიდოთ გველის, გეპარდის და ა.შ. პრინტებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, წლის მთავარი სიმბოლო თავს უადგილოდ იგრძნობს.

რა ფერის სამოსი უნდა ჩავიცვათ 2023 წელთან შესახვედრად?

2023 წლის ფერთა პალიტრა საკმაოდ მრავალფეროვანია და ის ასე გამოიყურება:

შავი ან ლურჯი

მშვიდი ფერები – კრემისფერი, მწვანე

იასამნისფერი, ნაცრისფერი, შოკოლადისფერი

ამ წელს განსაკუთრებით პოპულარულია ბუმბულებითა და სხვადასხვა მბზინავი დეტალით, მძივებით გაფორმებული სამოსი.

იდეები საჩუქრებისთვის:

კურდღელს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომფორტული გარემო უყვარს, ეს დამოკიდებულება საჩუქრებშიც მოქმედებს. მას მოსწონს ისეთი საჩუქრები, რომლებიც პრაქტიკულია და ადამიანი მართლა შეძლებს გამოყენებას. ამავდროულად, სახლში სიმყუდროვეს შეიტანს. ამიტომაც, შეგიძლიათ აირჩიოთ ტკბილეულის ნაკრები, სხვადასხვა თემატური აქსესუარი, ნახატები, საწოლის გადასაფარებელი, თეთრეული, სუფრის გადასაფარებელი, საყვავილეები და ასე შემდეგ. თუ ადამიანისათვის სამკაულის ჩუქებას გეგმავთ, უმჯობესია აირჩიოთ კულონი კურდღლის გამოსახულებით, ან კიდევ სამაჯური ამავე ფიგურით.

რა უნდა გვქონდეს სუფრაზე?

საახალწლო სუფრაზე ხილისა და ბოსტნეულის მრავალფეროვნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, მენიუდან აუცილებლად გამორიცხეთ კურდღლის ხორცი. უპირატესობა კი ქათმის, ღორის ხორცსა და თევზეულს მიანიჭეთ. აუცილებლად გააკეთეთ სალათები, რომლებშიც ბევრ მწვანილს გამოიყენებთ. ზოგადადაც, ჯობს საახალწლო სუფრაზე ბევრი მწვანილი გქონდეთ. არ მოამზადოთ ძალიან ბევრი და ცხიმიანი საკვები. საკუთარი ხელით მოამზადეთ ნამცხვრები, ფუნთუშები და სუფრა გააფორმეთ. ასე წლის მთავარ სიმბოლოს სიმყუდროვის განცდას შეუქმნით და ისიც ბედნიერებითა და სიხარულით დაგაჯილდოვებთ.

როგორ მოვიზიდოთ წარმატება შავი კურდღლის წელში?

ჩინელები კურდღლის ფიგურას აქტიურად იყენებენ. ითვლება, რომ თუ სახლში კურდღლის ვერცხლისფერი ან ოქროსფერი ფიგურაა, მაშინ ის ოჯახს სასიამოვნო ცვლილებებსა და წარმატებას მოუტანს. უმუშევარ ადამიანებს მისცემს პერსპექტივას, რომ საკუთარი საქმე იპოვონ, მარტოხელა ადამიანები ცხოვრების მეგზურს შეხვდებიან, ხოლო ისინი, ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, ძალების აღდგენას შეძლებენ.

ჯობს, კურდღლის ფიგურა ფანჯრის რაფაზე დადოთ, რომ ოჯახში სიმშვიდემ და იდილიამ დაისადგუროს.

თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი ცუდ განწყობაზეა და ხშირად ნეგატიური ემოციით დადის, აჩუქეთ კურდღლის ლამაზი ფიგურა, რომელიც უკანა ფეხზე დგას.

კურდღლის ფიგურა, რომელსაც სტაფილო უჭირავს ბიზნესში წარმატებასა და ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ.

ახალ წლამდე შეიძინეთ ახალი საფულე წლის ყველაზე მოთხოვნად ფერებში.

ახალ წელს კონფლიქტი და დაძაბულობა დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში, მთელი წელი ნეგატიური ფონი გექნებათ.

თუ სტუმრად წასვლას გადაწყვეტთ, ჯობს, საჩუქრად ბოსტნეულიც წაიღოთ. კურდღელი ამას კეთილგანწყობილ ჟესტად ჩაგითვლით და მთელი წელი დაგიფასებთ.

რისი გაკეთება არ შეიძლება ახალი წლის ღამეს?

არ აღნიშნოთ ახალი წელი მოუწესრიგებელ, დაულაგებელ სახლში. არ აქვს მნიშვნელობა, ცხოვრების როგორი პირობები გაქვთ. ნივთები მაქსიმალურად მოაწესრიგეთ და დაასუფთავეთ.

დალაგება 31 დეკემბრის საღამოს არ დაიწყოთ და ამაზე წინასწარ იზრუნეთ. კურდღელს განსაკუთრებით უყვარს, როცა ყველაფერი დაგეგმილი და წინასწარ შესრულებულია.

გაიტანეთ სახლიდან ისეთი ნივთები, რომლებსაც აღარ იყენებთ.

ახალ წელს ნუ დაუთმობთ დროს ხელსაქმეს. მაგალითად, რაღაცების შეკერვას, ღილების დამაგრებას და ასე შემდეგ.

ეცადეთ, სუფრა პოზიტიური განწყობით გააწყოთ. გახსოვდეთ, ხშირად ამბობენ, რომ როგორც აღნიშნავთ წელს, ისე გაატარებთ.

რისი ჩუქება არ არის რეკომენდებული ახალი წლის საღამოს?

საათი

სარკე

წინდები

ფული

თუ ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, წლის მთავარი სიმბოლოს კეთილგანწყობის მოპოვებას შეძლებთ და წარმატებასაც მიაღწევთ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close