ეკონომიკა

როდის მოეწყობა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ხის კენწეროების ბილიკი?

როდის მოეწყობა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ხის კენწეროების ბილიკი?

ლაგოდეხის ნაკრძალში ხის კენწეროების ბილიკის მშენებლობა 2020 წელს უნდა დაწყებულიყო. ამის შესახებ კახეთის მაშინდელმა გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა  ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერში განაცხადა. იმავე წლის ბოლოს გარემოს დაცვის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკის პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებული იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პროექტის განხორციელებისთვის გამოცხადებულ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე Kass Group-ის შვილობილმა კომპანია „კასს სქაი ბრიჯმა“ გაიმარჯვა.

რა ეტაპზეა დღეს პროექტი და რა ვალდებულების შესრულება მოუწევს ინვესტორს?  დაცული ტერიტორიების სააგენტოს  ცნობით, გეგმის თანახმად სამუშაოები 2023 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

„ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკის მოწყობის პროექტს მეიჯარე კომპანია შპს „კასს სქაი ბრიჯ“ განახორციელებს. ინვესტორს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 წლის განმავლობაში, არანაკლებ 8 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების და ეკოტურისტული და რეკრეაციული დანიშნულების ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულება აქვს აღებული. ამასთან, პროექტის მიმდინარეობის პროცესში, აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში, გათვალისწინებულია პროექტის არსებული ბიუჯეტის გადახედვა“, – განაცხადეს სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ხის კენწეროების ბილიკის პროექტი გერმანულ-ჰოლანდიურმა კომპანია, CITYFORESTER-მა მოამზადა, რომელიც ევროპის წამყვან ქვეყნებში არქიტექტურა/ურბანიზმის მიმართულებით მუშაობს. CITYFORESTER-ის გარდა, ბილიკის საპროექტო სამუშაოების მომზადების პროცესში ორი უცხოური კომპანია: OPENFABRIC და IMAGINE STRUCTURE და ერთი ქართული ორგანიზაცია CENN იყო ჩართული.

ხის კენწეროების ბილიკების პროექტი კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს მოიცავს.

„ხის კენწეროების ბილიკის, საინფორმაციო ცენტრის და საპარკინგე სივრცის მოწყობაზე, დაცული ტერიტორიების სააგენტომ მიწის ნაკვეთებზე, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით, პირობებიანი ელექტრონული აუქციონი 2020 წლის 10 იანვარს გამოაცხადა. გეგმის თანახმად სამუშაოები 2023 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს“, – განაცხადა  სააგენტომ.

პროექტის მიმდინარეობისა და დათქმულ ვადებში შესრულების შესახებ „კასს გრუპის“ დირექტორი ეკატერინე თორდია  დეტალებზე ჯერ არ საუბრობს, თუმცა ამბობს,რომ: „ამ ეტაპზე პროექტის კვლევა მიმდინარეობს. ზოგადად, კომპანია იკვლევს რამდენად მიზანშეწონილია და არის თუ არა შესაძლებელი განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში და მიღებული პროექტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელება. უფრო მეტი დეტალი და კონკრეტული პასუხი პროექტთან, განცორციელებასთან და ვადებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, გვეცოდინება 2-3 თვის ვადაში“.

გარემოს დაცვის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF), ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო სამხრეთ კავკასიაშის (TJS) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

ცნობისთვის: Kass Group-მა მიმდინარე წელს წალკის მუნიციპალიტეტში, დაშბაშის კანიონზე 120 მლნ ლარიანი ეკოტურისტული კომპლექსი მოაწყო და გახსნა, რომელიც დღეისთვის უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ პერიოდში ეკოტურისტულ სივრცეს, ჯამში, 100 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close