ეკონომიკა

10 თვეში ფქვილის იმპორტი რეკორდულად გაიზარდა – რამდენით შემცირდა ხორბლის იმპორტი?

10 თვეში ფქვილის იმპორტი რეკორდულად გაიზარდა - რამდენით შემცირდა ხორბლის იმპორტი?

მიმდინარე წლის 10 თვეში ქვეყანაში ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტირებული ხორბლის ღირებულება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 38.5%-ით, ხოლო მოცულობა 57.8%-ითაა შემცირებული.

შესაბამისად, წელს 134 322 ტონა ხორბლის შესაძენად საქართველოდან 48.3 მლნ დოლარი გავიდა.

ტრადიციულად, საქართველოსთვის ხორბლის მთავარ საიმპორტო ბაზრად რუსეთი რჩება. იანვარ-ოქტომბერში რუსეთში შეძენილი საქონლის წილმა მთლიან იმპორტში 93% შეადგინა. ჯამში, მიმდინარე წელს ქვეყანაში ხორბალი მხოლოდ 7 ბაზრიდან შემოვიდა:

1. რუსეთი – 45.4 მლნ დოლარი, 124 926 ტონა;
2. ყაზახეთი – 1.2 მლნ დოლარი, 3 703 ტონა;
3. უკრაინა – 782 ათასი დოლარი, 2 000 ტონა;
4. სომხეთი – 714 ათასი დოლარი, 3 569 ტონა;
5. ავსტრია – 66 ათასი დოლარი, 52 ტონა;
6. თურქეთი – 46 ათასი დოლარი, 53 ტონა;
7. გერმანია – 19 ათასი დოლარი, 18 ტონა.

სრულიად განსხვავებული მდგომარეობა ფქვილის იმპორტის შემთხვევაში. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, იმპორტირებული ფქვილის მოცულობა 6.5-ჯერ (555%-ით) გაიზარდა. ჯამში, ქვეყანამ 55.6 მლნ დოლარის ღირებულების 147 098 ტონა ფქვილი შეიძინა.

ამ შემთხვევაშიც მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია, რომლის წილი ფქვილის ჯამურ იმპორტში 98%-ია. ღირებულების მიხედვით, საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:

1. რუსეთი – 54.5 მლნ დოლარი, 145 443 ტონა;
2. თურქეთი – 711 ათასი დოლარი, 1 005 ტონა;
3. იტალია – 131 ათასი დოლარი, 126 ტონა;
4. ყაზახეთი – 98 ათასი დოლარი, 270 ტონა;
5. ლიეტუვა – 66 ათასი დოლარი, 107 ტონა;
6. უკრაინა – 39 ათასი დოლარი, 87 ტონა;
7. ავსტრია – 32 ათასი დოლარი, 40 ტონა;
8. საფრანგეთი – 21 ათასი დოლარი, 16 ტონა;

შეგახსენებთ, რომ ხორბლისა და ფქვილის, ასევე პურის მწარმოებლები ხორბლის იმპორტის შემცირებისა და ფქვილის იმპორტის ზრდის მიზეზად, რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებულ ბაჟს, ფქვილზე კი ნულოვან გადასახადს ასახელებენ, რაც ხორბლის იმპორტს არარენტაბელურს ხდის. აქედან გამომდინარე მიმდინარე წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში ხორბლის იმპორტი მინიმალური იყო, მაშინ როდესაც ფქვილის იმპორტი იზრდებოდა. შედეგად, ქვეყანაში ივნისიდან მსხვილმა წისქვილკომბინატებმა როგორც ხორბლის გადამუშავება, ასევე იმპორტი შეაჩერეს და მათი ნაწილი ფქვილის შემოტანაზე გადაეწყო. თუმცა ზაფხულის თვეებში ხორბლის ფასის შემცირებასთან ერთად, რუსეთიდან ხორბლის საექსპორტო გადასახადმა შემცირება დაიწყო. ამან ადგილობრივ წისქვილკომბინატებს ამოქმედების საშუალება მისცა.

ცნობისთვის, რუსეთმა 23-დან 29 ნოემბრამდე ხორბლის საექსპორტი გადასახადი 6.4%-ით შეამცირა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close