დღის ამბები

სახელმწიფო თუ მუნიციპალურ მიწებზე უკანონო მშენებლობისთვის ჯარიმა შესაძლოა 25 ათას ლარამდე გაიზარდოს

სახელმწიფო თუ მუნიციპალურ მიწებზე უკანონო მშენებლობისთვის ჯარიმა შესაძლოა 25 ათას ლარამდე გაიზარდოს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომლითაც კოდექსით გათვალისწინებულ კონკრეტულ სამართალდარღვევებზე მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება გაიზრდება.

კანონპროექტი ითვალისწინებს ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე უფლებამოსილი პირის ცვლილებას და ერთეულ შემთხვევაში სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრას.

მომხსენებლის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, მოქმედი რეგულაციით მუნიციპალიტეტებში თუ რაიმე დარღვევა მოხდა, მაგალითად, უნებართვო მშენებლობა, სამშენებლო მასალებით დანაგვიანება და კეთილმოწყობილი სკვერების დაზიანება, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს და მერიებს არ აქვთ უფლებამოსილება ჯარიმა გამოწერონ.

„მათ შეუძლიათ მხოლოდ მიმართონ შესაბამისი ოქმით სასამართლოს, სადაც მოსამართლე განხილვის შემდეგ დაადგენს დაჯარიმებას ექვემდებარება თუ არა კონკრეტული შემთხვევა. ამ პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ეს სისტემა ეფექტიანი არ არის და ვფიქრობთ, რომ უფრო ადეკვატური და მეტი ეფექტის მომცემი იქნება თუ ეს უფლებამოსილებები სასამართლო სისტემიდან გადაეცემა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. ეს იქნება დეცენტრალიზაციის მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და ჩვენი მუნიციპალიტეტებიც ამისთვის მზად არიან“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, ცვლილებები შედის, ასევე, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო თუ მუნიციპალურ მიწებზე უკანონო მშენებლობისთვის ჯარიმების გაზრდას.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, დღეს არსებული კოდექსით თუ სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობას დაიწყებს პირი, ის ჯარიმდება მხოლოდ 6 ათასი ლარით თვითმმართველ ქალაქებში, ქალაქებში 4 ათასი ლარით, დაბასა და სოფელში ათასი ლარით.

„აღმოჩნდა, რომ ეს ძალიან არაეფექტურია იმიტომ, რომ ჩვენ დედაქალაქის გარდა გვაქვს მუნიციპალიტეტები, სადაც ერთი კვადრატული მიწის ფასი უკვე 600-800 დოლარია. აქედან გამომდინარე ნათელია, რომ დღეს მოქმედი რეგულაცია ვერ აკეთებს პრევენციას, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს უკანონო მშენებლობები სახელმწიფო თუ მუნიციპალურ მიწებზე. ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომ გაიზარდოს ჯარიმები. პირველ ჯერზე ეს არის 25 ათასი ლარი და შეჩერების დადგენილება. უკანონო მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში გათვალისწინებული 50 ათასი ლარი და თუ მშენებლობა კვლავ გაგრძელდება მაშინ უკვე სისხლი სამართლის საქმე აღიძრება. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზე სამშენებლო ნებართვების დარღვევისთვის შემოდის 20 ათას ლარიანი ჯარიმა. ეს ეხება მხოლოდ მე-3 და მე-4 კლასს ანუ სადაც კორპუსებს აშენებენ, ხოლო სადაც 1-ელი და მე-2 კატეგორია ანუ ორსართულიან სახლამდე მშენებლობებია, ჯარიმები არ გაიზრდება“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close