დღის ამბები

„იძულებული გავხდით 1-ლი ნოემბრიდან ამანათებზე ფასები გაგვეზარდა“ – რა ღირს გზავნილები

„იძულებული გავხდით 1-ლი ნოემბრიდან ამანათებზე ფასები გაგვეზარდა“ - რა ღირს გზავნილები

კონტეინერების გაიაფება ახლა ავია და სახმელეთო გადაზიდვებზე ფასის ზრდამ ჩაანაცვლა – ამის შესახებ  „ინექს გრუპის“ დირექტორი გიორგი კაპანაძე აცხადებს.

„საკონტეინერო გადაზიდვები ფასი იკლებს, მაგრამ მაინც გაცილებით მაღალია, ვიდრე პანდემიამდე იყო. რაც შეეხება სხვა მიმართულებას, პანდემიის დროს, თუ კონტეინერების დეფიციტის გამო იყო გადაზიდვის ფასი გაზრდილი, ახლა ეს ფაქტორი საწვავის გაძვირებამ ჩაანაცვლა. ავია და სახმელეთო გადაზიდვები ნელ-ნელა კიდევ ძვირდება. გარდა ამისა, გადაზიდვების ხარჯებს ემატება, უცხოეთში გადაზიდვამდე და გადაზიდვის შემდეგი ხარჯები (დისტრიბუციის).

შედეგად, იძულებული გავხდით, რომ 1-ლი ნოემბრიდან ამანათების ტარიფები დაგვეკორექტირებინა. ფასები გაიზარდა 50 ცენტიდან 1 ევრომდე. მაგალითად, გერმანიაში ერთი კილოგრამი ამანათის ღირებულება 1 ევროთი გაიზარდა, აშშ-ში 60 ცენტით”, – განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, ხარჯებს ზრდის სამუშაო ძალის დეფიციტიც.

„ფასის ერთ-ერთი შემადგენელია მუშახელის გაძვირებაც, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. თავისთავად მუშახელის სიძვირემ გამოიწვია ის, რომ ხარჯები გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი მყარდება, ინფლაცია ძალიან მაღალია და ცხადია ხელფასებიც გავზარდეთ. ჩვენს სფეროში მუშახელის სიმწირეს იწვევს აქტიური მიგრაცია აშშ-ში და პოლონეთში. ჩვენს შემთხვევაში ძალიან დიდი რაოდენობით მოხდა გადინება”, – ამბობს გიორგი კაპანაძე.

ინფორმაციისთვის, ამანათებზე 1 კგ-ს ღირებულება აშშ-დან 8.5 დოლარია, 6.5 გირვანქა სტრელინგია დიდი ბრიტანეთიდან, 4.5 ევრო ღირს გზავნილები იტალიიდან, 3.5 ევრო საბერძნეთიდან, 12.5 დოლარი ჩინეთიდან, 8 ევრო გერმანიიდან, 4 დოლარი თურქეთიდან და 2.5 ევრო კვიპროსიდან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close