დღის ამბები

2023 წლიდან წამლებზე რეფერენტული ფასების დაწესება დაახლოებით 60%-ით გააიაფებს მედიკამენტებს

2023 წლიდან წამლებზე რეფერენტული ფასების დაწესება დაახლოებით 60%-ით გააიაფებს მედიკამენტებს

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სამინისტრო განსაზღვრავს რეფერენტულ ქვეყნებს და მედიკამენტებზე ფასების დადგენის პრინციპს.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, საპროგნოზო გათვლებით, ეს 60%-ით კიდევ უფრო გააიაფებს მედიკამენტებს.

„ისტორიული გადაწყვეტილება რაც არის, ეს ეხება მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრას. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს აქტიურად დავიწყეთ ფარმაცევტული ბაზრის რეგულირება ელექტრონული რეცეპტებით, ასევე გავხსენით თურქეთის ბაზარი, რომლითაც ჩვენი დღევანდელი გათვლებით, დაახლოებით 100 მლნ ლარის დაზოგვა მოახერხა ჩვენმა მოსახლეობამ იქედან შემოტანილი მედიკამენტების ხარჯზე. ახლა უკვე შემდეგი ეტაპი, რაც იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში, (მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული და შემდეგ გაიგზავნება პარლამენტში წამლის კანონში შესატანი ცვლილება) ეს ეხება რეფერენტული ფასების დადგენას. სამინისტროზე იქნება დელეგირება რეფერენტული ქვეყნების განსაზღვრის და ფასების დადგენის პრინციპის. ჩვენი საპროგნოზო გათვლებით, ეს 60%-ით კიდევ უფრო გააიაფებს მედიკამენტებს. პირველ ეტაპზე, იანვრიდან ეს შეეხება მხოლოდ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებს, რომელიც დღეს დაახლოებით 1 100 დასახელების არის. მედიკამენტების ბაზარი რომ წარმოვიდგინოთ, დაახლოებით 20 მლნ ლარის მედიკამენტებს შეეხება ეს რეგულაცია იანვრიდან. შემდეგი ეტაპი იქნება ყველა დარჩენილ სარეცეპტო მადიკამენტებზე გავრცელება, ვფიქრობთ, რომ ეს მეორე კვარტლიდან იქნება, შემდეგ კი ყველა მედიკამენტზე გავრცელდება. მომდევნო წლის ბოლომდე მაქსიმალურად გამჭვირვალე ზედა ზღვარი გვექნება დაწესებული მედიკამენტებზე რეფერენტული ქვეყნების მიხედვით და გაცილებით ნაკლები თანხის გადახდა მოუწევთ“, – განაცხადა აზარაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close