მსოფლიო

“შავი პარასკევი” ახლოვდება – როდის უნდა ველოდოთ მასშტაბურ ფასდაკლებებს?

"შავი პარასკევი" ახლოვდება - როდის უნდა ველოდოთ მასშტაბურ ფასდაკლებებს?

ე.წ. “შავი პარასკევი” ახლოვდება. წელს გრანდიოზული ფასდაკლებების დღე 25 ნოემბერი იქნება, თუმცა ბევრი მაღაზია და ბრენდი ფასდაკლებული პროდუქციის გაყიდვას უფრო ადრეც იწყებს. როგორც წესი, ე.წ. “შავი პარასკევი” აქტიურად რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება, კერძოდ, პარასკევს, შაბათსა და კვირას.

ტრადიციულად, ე.წ. “შავი პარასკევის” ფარგლებში, მსოფლიოს მასშტაბით რეკორდული რაოდენობის პროდუქცია იყიდება. აღნიშნული კვირა მიჩნეულია შოპინგის ყველაზე აქტიურ პერიოდად. ბევრი მომხმარებელი, სწორედ ამ თარიღს ელოდება, რათა სასურველი ნივთი განსაკუთრებით დაბალ ფასად შეიძინოს. ფასდაკლებებით შოპინგი ეხება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინყიდვასაც. 2021 წლის „შავ პარასკევს“ ამერიკელმა მომხმარებლებმა მხოლოდ ონლაინ, ჯამში, $8.9 მლრდ დახარჯეს.

სხვადასხვა კომპანია ე.წ. “შავ პარასკევს” სხვადასხვა დღეს აცხადებს, ყველაზე მასშტაბური ფასდაკლებების გამოცხადებით კი ცნობილი მსოფლიოს უმსხვილესი რიტეილერი AMAZON-ია, რომელსაც უკვე დაწყებული აქვს შეთავაზებები. გასულ წელს, სწორედ ამ გიგანტი რიტეილერის გაყიდვებზე ამერიკაში “შავ პარასკევს” 17.7% მოდიოდა. გარდა ამისა, განსაკუთრებული ფასდაკლებებით, როგორც წესი, ტანსაცმლის და ტექნიკის ბრენდებიც გამოირჩევიან.

რაც შეეხება საქართველოს, “შავ პარასკევს” კომპანიების დიდი ნაწილი ფასდაკლებებს აქაც აცხადებს. რამდენიმე მათგანმა შეთავაზებები უკვე დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. “შავი პარასკევის” ტრადიცია აშშ-ში გაჩნდა და ის 1869 წლის 24 სექტემბრის მოვლენას უკავშირდება, როდესაც ოქროს ფასი ამერიკაში მნიშვნელოვნად დაეცა და ბირჟაზე პანიკა გამოიწვია. ამ ყველაფერმა კი შტატების ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა. ამიტომაც უწოდეს მას „შავი“ პარასკევი, თუმცა თანამედროვე გაგებით „შავი პარასკევის“ ტრადიცია გასული საუკუნის 1960-იანი წლებიდან იღებს სათავეს.

“შავი პარასკევი“, როგორც წესი, მადლიერების მეორე დღეს აღინიშნება. ამ დღეს ზოგიერთ შტატში დასვენებაც კი ცხადდება. “შავი პარასკევის” კვირას კი ე.წ. Cyber-Monday (კიბერორშაბათი) მოჰყვება, რომელიც განსაკუთრებული ფასდაკლებებით შოპინგს ონლაინ ითვალისწინებს. კიბერორშაბათის მიზანი ონლაინშოპინგის წახალისებაა და ის 2005 წლიდან აღინიშნება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close