ეკონომიკა

ქართული ლეღვის საექსპორტო ფასი 40%-ით გაიზარდა

ქართული ლეღვის საექსპორტო ფასი 40%-ით გაიზარდა

წელს ახალი ლეღვის ექსპორტის შემოსავალმა მილიონ დოლარს გადააჭარბა და ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. East Fruit-ის ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველოდან ლეღვის ექსპორტი ბოლო 3 წლის განმავლობაში მეტად პოპულარული გახდა.

ივლის-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტზე 890 ტონა ლეღვი გავიდა. მართალია, ეს მაჩვენებელი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის ექსპორტზე, ანუ 930 ტონაზე ნაკლებია, მაგრამ ფასების მატების გამო, ფულადი თვალსაზრისით, შემოსავალი წელს ყველაზე მეტია, კერძოდ, 1,2 მლნ აშშ დოლარი.

East Fruit-ის მონაცემებით, ქართული ლეღვის საექსპორტო ფასები 40%-ით გაიზარდა და კგ-ზე 2021 წლის 1.00 დოლარიდან, წელს რეკორდულ მაჩვენებლამდე, 1.40 დოლარამდე მოიმატა.

„ფასების უეცარი ნახტომის მიუხედავად, ექსპორტის მოცულობა კვლავ დიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეღვზე მოთხოვნა დიდია. ფასების ზრდამ უფრო მეტი შემოსავალი განაპირობა, თუმცა ლეღვის გაძვირება უმეტესად წარმოებისა და ტრანსპორტირების გაზრდილმა ხარჯებმა გამოიწვია, რაც მოგების ზრდას მნიშვნელოვნად ზღუდავს,“ – წერს East Fruit.

ქართული ლეღვის საექსპორტო მიმართულება რუსეთი და სომხეთია. წელს ექსპორტირებული ლეღვის 60% სომხეთში, 40% კი რუსეთში გავიდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის წილი, 2021 წელთან შედარებით, თითქმის, გაორმაგდა.

ამასთან, აგვისტოში საქართველოდან ექსპორტზე 8 ტონა ლეღვის ჩირი გავიდა, რაც სიახლეა, რადგან 2016 წლამდე ამ პროდუქტის ექსპორტი, პრაქტიკულად, არ ხორციელდებოდა, ხოლო 2016-დან 2021 წლამდე ლეღვის ჩირის ექსპორტი, როგორც წესი, 2 ტონაზე ნაკლებს შეადგენდა.

წელს 8 ტონა ლეღვის ჩირი რუსეთში გავიდა, მაშინ, როცა წინა წლებში მყიდველებს შორის ლიეტუვა, უკრაინა, ისრაელი და ნიდერლანდები იყვენენ. ამდენად, East Fruit-ის შეფასებით, ქართული ლეღვის ჩირის ექსპორტს დივერსიფიკაციის პოტენციალი აქვს.

პორტალის მონაცემებით, საქართველოში მხოლოდ 1,5-დან 1,9 ათას ტონამდე ლეღვს აწარმოებენ. აგვისტო მთავარი სეზონია და ამ თვეს ექსპორტში ძირითადი წილი უკავია. ქართული ლეღვი ექსპორტზე მცირე რაოდენობით ივლისსა და სექტემბერშიც გადის, ხოლო აგვისტოში ექსპორტი, ამ თვეებთან შედარებით, 4-5-ჯერ მეტია.

ივლის-სექტემბრის საერთო მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს 2020 წლიდან წარმოებული მოცულობის ნახევარზე მეტი ექსპორტზე გააქვს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close