დღის ამბები

რა ცვლილებები ამოქმედდება ქვეყანაში ნოემბრიდან

რა ცვლილებები ამოქმედდება ქვეყანაში ნოემბრიდან

2022 წლის ნოემბრიდან, ქვეყანაში რამდენიმე სიახლე ამოქმედდა.

ეს არის ცვლილებათა ნაწილი, რომელიც ქვეყანაში უკვე 1-ლი ნოემბრიდან ან შემდგომ თვის განმავლობაში ამოქმედდება:

1-ლი ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება

1-ლი ნოემბრიდან საქართველოში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება. კერძოდ, რამდენიმე დღეში, DRG მეთოდოლოგიით, საბაზისო ტარიფის მიხედვით, გამოითვლება კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი – პაციენტის კლინიკაში შესვლიდან მკურნალობის და კლინიკიდან გაწერის ჩათვლით. ეს ნიშნავს იმას, რომ პაციენტებს კლინიკის მიერ წარდგენილ და სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასებს შორის სხვაობის დაფარვა აღარ მოუწევთ.

1-ლი ნოემბრიდან კონკურენციის სააგენტო მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულებას დაიწყებს

1-ლი ნოემბრიდან კონკურენციის სააგენტო მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულებას დაიწყებს. აღნიშნული კანონი ძალაში შევიდა 1-ლი ივნისიდან. 2022 წლის პირველი ნოემბრიდან, სააგენტოს განცხადებით შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა. სააგენტო საკითხს შეისწავლის სავარაუდო დარღვევის ისეთ ფაქტებზე, რომელმაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესების დარღვევა. ამ კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული და უტყუარი ინფორმაცია – პროდუქტის სახეობაზე, მახასიათებლებზე, ვარგისიანობაზე და ა.შ. ასევე, უზრუნველყოს საქონელზე ან მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეული ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება. მომხმარებლის უფლებაა, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს საქონლის შეკეთება ან შეცვლა, იმ შემთხვევაში თუ ეს არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს არ მოითხოვს.

7 ნოემბრიდან ყველა კატეგორიის მართვის მოწმობის გამოცდა რეალურ პირობებში ჩატარდება

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, 2022 წლის 25 აპრილიდან – მსუბუქი ავტომობილების მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდა და მოქალაქეებს გამოცდის რეალურ პირობებში (ქუჩაში) ჩაბარებაც უწევთ. უკვე 2022 წლის 7 ნოემბრიდან კი სხვა კატეგორიის მართვის მოწმობის გამოცდაც რეალურ პირობებში ჩატარდება.

25 ნოემბრიდან „თიბისიში“ სალაროდან თანხის გატანის პირობა იცვლება

25 ნოემბრიდან „თიბისიში“ სალაროდან თანხის გატანის პირობა იცვლება. კერძოდ, ბანკის ცნობით, „თიბისის“ ფილიალებსა და სერვის ცენტრებში, მოლარესთან, მომსახურების მენეჯერთან ან მრჩეველთან ფიზიკური პირის საბარათე ანგარიშიდან 3000 ლარის ფარგლებში თანხის გატანისას, საკომისიო იქნება 2%, მინიმუმ- 2 ლარი, უცხოური ვალუტის შემთხვევაში (1000 USD/EURO/GBP) – თანხის 2%, მინიმუმ – 1 USD/EURO/GBP. აღსანიშნავია, რომ არსებული წესით, სალაროდან თანხის გატანაზე საკომისიო 0,6% იყო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close