დღის ამბები

დაიან ჰენდრიქსი – როგორ იქცა ფერმერის შვილი აშშ-ის უმდიდრეს ქალად, რომელმაც მილიარდები დამოუკიდებლად დააგროვა

დაიან ჰენდრიქსი - როგორ იქცა ფერმერის შვილი აშშ-ის უმდიდრეს ქალად, რომელმაც მილიარდები დამოუკიდებლად დააგროვა

დღეს მსოფლიოს ძალიან ბევრი მილიარდერი ჰყავს, მათგან ყველაზე მეტი აშშ-ში ცხოვრობს. მხოლოდ 2021 წელს მსოფლიოში სულ 3 311 მილიარდერი იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს მსოფლიო ფინანსების დიდი გადაწყობა მოხპდა – რამდენიმე მილიარდერი კიდევ უფრო გამდიდრდა, რამდენიმემ კი კოლოსალური ოდენობის თანხა დაკარგა.

ეს ადამიანები მსოფლიო სიმდიდრის 11%-ს ფლობენ. თუმცა, დიდძალ სიმდიდრეს დამოუკიდებლად მათგან მხოლოდ მცირე ნაწილმა მიაღწია. ბევრი მათგანი ოჯახის ქონების მემკვიდრეა.

ერთ-ერთი მილიარდერი დაიან ჰენდრიქსია. 72 წლის დაიანას ამჟამინდელი წმინდა ქონება 7 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მას აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ბიზნესმენ ქალად აქცევს.

ფერმერის ქალიშვილი

დაიანა ამერიკაში, ვისკონსინის პატარა ქალაქში დაიბადა და გაიზარდა. ის უბრალო ფერმერების ქალიშვილი იყო. იგი მშობლებს წარმოებაში სკოლის ასაკიდანვე ეხმარებოდა. მოგვიანებით დაიანამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სწორედ ადრეულ ასაკში დაწყებული მუშაობა, დისციპლინა და შრომის სიყვარული დაეხმარა მას სამომავლოდ წარმატების მიღწევაში.

დაიანა 17 წლის იყო, როდესაც დაორსულდა. 21 წლის ასაკში ქმარს გაშორდა და შვილის გაზრდა მარტომ განაგრძო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში უწევდა ორ სამსახურში ერთად, ან ძალიან უცნაურ სამუშაოებზე მუშაობა.

პირველი უიღბლო ურთიერთობიდან 10 წლის შემდეგ, 1975 წელს დაიანმა მისი მეორე მეუღლე და ცხოვრების სიყვარული – კენ ჰენდრიქსი გაიცნო. მაშინ დაიანა შეკვეთით აშენებულ სახლებს ყიდდა, ხოლო კენი გადახურვის კონტრაქტორი იყო. ისინი მალევე დაქორწინდნენ და ბიზნესი ერთად წამოიწყეს. 1982 წელს დაიანმა და კენმა დააარსეს კომპანია: ABC Supply, რომელიც შენობების გადახურვას, საპირფარეშოების მოწყობასა და სხვა სახის სამუშაოების ჩატარებას უზრუნველყფდა.

მაშინ მათ არ იცოდნენ, რომ მოკრძალებული კომპანია წლების შემდეგ მილიარდ დოლარიანი ბრუნვის მქონე კორპორაციად გადაიქცეოდა. ახალგაზრდები მაშინ მხოლოდ დიდ ქალაქში საცხოვრებლად გადასვლაზე და სამუშაო კოსტუმის შეძენაზე ოცნებობდნენ…

1994 წლისთვის მოკრძალებული მიმწოდებელი 100-ზე მეტი ლოკაციით აშშ-ში მსხვილ მომწოდებელ კომპანიად გადაიქცა. რამდენიმე წლის შემდეგ, ABC Supply-ს წლიური შემოსავალი 1 მილიარდ დოლარზე მეტი იყო.

2007 წელს, კენ ჰენდრიქსი ვისკონსინში მდებარე საკუთარი სახლის სახურავიდან ჩამოვარდა და ტრაგიკულად გარდაიცვალა. ბიზნესს სათავეში დაიანი ჩაუდგა. იმავე დროს დაიანმა მიიღო მონაწილეობა სხვა პროექტებში, როგორიცაა “ბელოიტის აღორძინება“, “პატარა ქალაქი“ და ა.შ.

პატარა ქალაქის შესაცვლელად დაიანმა მილიონები დახარჯა. ქალაქის ცენტრში მდიდრული სავაჭრო ცენტრი ააშენა, შეიძინა ცენტრში მდებარე კლუბი, აღადგინა ძველი შენობები, გაარემონტა და დიდძალი მოგებით გაყიდა ისინი. დაიანის მონდომების და ლიდერობის შედეგად კომპანიამ 2010 წელს შეიძინა მისი კონკურენტი Bradco, 2016 წელს კი სამშენებლო მასალების დისტრიბუტორი L&W.

კორპორაციის ABC Supply-ის შემოსავალი ერთ წელიწადში 3 მილიარდი დოლარიდან 9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

2021 წლის მონაცემებით ABC Supply-ს აშშ-ს 49 შტატში 800-ზე მეტი ფილიალს ფლობდა, წლიური შემოსავალი კი 15 მილიარდ დოლარს აღემატებოდა.

დაიანი ასევე ცნობილი ქველმოქმედია. ის არის კომერციული კერძო-საჯარო საქმეთა ქსელის WisconsinEye-ის რეგულარული დონორი. დაიანი ასევე მსახურობდა Beloit College-ის სამეურვეო საბჭოში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close