დღის ამბები

ფინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მამაკაცები ქალებზე სწრაფად ბერდებიან

ფინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მამაკაცები ქალებზე სწრაფად ბერდებიან

50 წლის მამაკაცი იმავე ასაკის ქალზე ბიოლოგიურად ოთხი წლით უფროსია. ამ დასკვნამდე ფინეთის იუვიასკიულის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

ბიოლოგიურ ასაკში სხვაობა ყველაზე მეტად 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში არის შესამჩნევი, ხოლო 20 წლის ასაკში ეს განსხვავება, დაახლოებით, ერთი წელია.

მეცნიერებმა ათასი ტყუპის ბიოლოგიურ ასაკს ქრონოლოგიური ასაკი, ანუ სიცოცხლის დღეების რაოდენობა შეადარეს. აქედან 151 და-ძმა, ანუ ბავშვობაში იგივე გენეტიკისა და ცხოვრების წესის მქონე წყვილი იყო. კვლევის დროს მეცნიერებმა გამოიყენეს ტესტები, რომლებიც ორგანიზმის დაბერებას დნმ-ის მარკერებზე დაყრდნობით ადგენენ.

მკვლევარებმა გაითვალისწინეს სხვადასხვა პარამეტრი, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ორგანიზმის დაბერებაზე. მათ შორის არის სასკოლო განათლების წლების რაოდენობა, სხეულის მასის ინდექსი, მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება, ფიზიკური აქტივობა.

მეცნიერთა აზრით, მოწევა დაბერების მხრივ სქესობრივ განსხვავებას ასაკოვან მონაწილეებში იძლევა, ხოლო ახალგაზრდა მონაწილეებში ასეთ სხვაობას არ განსაზღვრავს. თუმცა ჭარბი წონა, რომლის მიმართაც მამაკაცები უფრო მეტად არიან მიდრეკილი, დაბერების სხვადასხვა ტემპს ნებისმიერ ასაკში ავლენს.

დაბერება არის სხეულის მნიშვნელოვანი ფუნქციების თანდათანობითი გაუარესებისა და დაკარგვის პროცესი, რა დროსაც ორგანიზმი ნაკლებად ერგება გარემო პირობებს, ამცირებს და კარგავს თავის უნარს, წინააღმდეგობა გაუწიოს დაავადებებსა და ტრავმებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close