დღის ამბები

ცერებრული დამბლის ერთერთი მიზეზი ორსულობის დაგეგმვის კულტურის არარსებობაა

ცერებრული დამბლის ერთერთი მიზეზი ორსულობის დაგეგმვის კულტურის არარსებობაა

მსოფლიოში 1000 ბავშვზე ცერებრული დამბლის 1-დან 4-მდე შემთხვევა ფიქსირდება. განვითარებულ ქვეყნებში ეს მონაცემი 1-სკენაა, საქართველოში კი ამ მონაცემის შუაშია. თუმცა ამ კუთხით ქვეყანაში მასშტაბური ეპიდემიოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა.

ამის შესახებ ბავშვთა ნევროლოგმა ნანა ტატიშვილმა  განაცხადა. მისი თქმით, მართალია, ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ქვეყანაში ორსულობისა და სამეანო გინეკოლოგიის კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა სასურველია ცერებრული დამბლის  მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდეს.

ცერებრული დამბლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საუბრისას ტატიშვილმა აღნიშნა, რომ ცერებრული დამბლა ვითარდება ან თანდაყოლილი პრობლემების, ან ორსულობა-მშობიარობის პროცესში განვითარებული პრობლემების შედეგად. მისივე განცხადებით, აუცილებელია, ამ დაავადების სიმპტომები 6 თვემდე ასაკში ამოვიცნოთ, რადგან ადრეულ ეტაპზე ჩარევა გამოსავალს გაცილებით გააუმჯობესებს.

ის მშობლებს ურჩევს, დააკვირდნენ, ხომ არ აქვს ჩვილს სხვადასხვა საეჭვო სიმპტომი, მაგალითად არ რეაგირებს ხმაურზე, მოძრაობები არაა სიმეტრიული და კოორდინირებული, არ ღუღუნებს და ა.შ. მედიკოსის რჩევაა, ასეთ შემთხვევაში მშობლებმა აუცილებლად მიმართონ ექიმს, ხოლო თუ ექიმი წამლებს დანიშნავს,  ესე იგი პაციენტი არასწორ ადგილას მოხვდა, რადგან აუცილებელია თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება.

რაც შეეხება დაავადების განვითარების რისკებს, ნანა ტატიშვილის განცხადებით, ეს პრობლემა შესაძლოა ყველას ჰქონდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია ორსულობის დაგეგმვა,  მათ შორის ფოლიუმის მჟავის მიღება, რასაც მთელი რიგი ნევროლოგიური დაავადებების პრევენცია შეუძლია. ამასთან, ტატიშვილის თქმით, ამ მედიკამენტის დალევა ქალმა ორსულობის დაგეგმვამდე უნდა დაიწყოს და არა მაშინ, როცა აღმოაჩენს, რომ ორსულადაა. განსაკუთრებულ აქცენტს მედიკოსი  ციტომეგალოვირუსზე აკეთებს, რომელიც ქალმა დაორსულებამდე უნდა გამოიკვლიოს და მისი აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებელი მკურნალობა უნდა ჩაიტაროს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close