დღის ამბები

აშშ-ში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ინსულტით ავადობა ახალგაზრდებში წლიდან წლამდე იმატებს

აშშ-ში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ინსულტით ავადობა ახალგაზრდებში წლიდან წლამდე იმატებს

აშშ-ში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ინსულტით ავადობა ახალგაზრდებში წლიდან წლამდე იმატებს.

დღეს ინსულტის ყოველი მეხუთე მსხვერპლი 55 წლამდე ასაკისაა. ამერიკელმა მეცნიერებმა მასშტაბური გამოკვლევა ჩაატარეს – მათ შეისწავლეს ინსულტის დიაგნოზის მქონე 1,3 მლნ პაციენტის მონაცემები და დაადგინეს, რომ 2005 წლისთვის მათი 19% 55 წლამდე ასაკისა იყო. ანალოგიური გამოკვლევა 1993 წელსაც ჩატარდა – მაშინ ასაკობრივ ზღვარს ქვემოთ პაციენტთა მხოლოდ 13% აღმოჩნდა. გამოდის, რომ ინსულტი ამერიკაში ყოველწლიურად 0,5%-ით ახალგაზრდავდება.

თუ პროცესი ამავე ტემპით გაგრძელდა, 2024 წლისთვის ინსულტიან პაციენტთა მესამედი 25 წლისაც არ იქნება, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ინსულტის გაახალგაზრდავების ტემპმა შესაძლოა მოიმატოს კიდეც. გამოკვლევის ავტორი ბრეტ კისელა აღნიშნავს, რომ ინსულტის გაახალგაზრდავების ტენდენციას საფუძვლად უდევს ძირითადი რისკფაქტორების – დიაბეტის, სიმსუქნის, ქოლესტერინის მაღალი დონის – მატება. საინტერესოა, რომ ამ მხრივ ვითარება აშშ-ში უფრო უკეთესია, ვიდრე დიდ ბრიტანეთში. არადა, ექსპერტებს აშშ არაჯანსაღი საკვების ყველაზე მოყვარულ ქვეყნად მიაჩნიათ. ახალგაზრდებში ინსულტის გავრცელების ტენდენცია დიდ ბრიტანეთშიც იქნა გამოვლენილი. მაგალითად, 1993 წელს 55 წლამდე ასაკის 100 000 კაცზე ინსულტის მხოლოდ 109 შემთხვევა მოდიოდა. 2005 წლისთვის მაჩვენებელმა 176-მდე მოიმატა. ამავე პერიოდის განმავლობაში ინსულტის საშუალო ასაკი 71 წლიდან 69-მდე შემცირდა. საინტერესოა, რომ ამავე პერიოდში კაცობრიობამ ინსულტთან ბრძოლაში შესამჩნევ წარმატებას მიაღწია. კერძოდ, თავის ტვინის დაზიანების ხარისხის სწრაფად განსაზღვრის სიზუსტე 18%-დან 58%-მდე გაიზარდა. ამასთან, დიდ ბიტანეთში 40%-ით შემცირდა ინსულტების ისეთი შემთხვევების რიცხვი, რომლებიც მძიმე, შეუქცევადი შედეგებით დასრულდა. ინსულტების დიაგნოსტიკის გაუმჯობესებამ და მის შედეგებთან ბრძოლის მეთოდების დახვეწამ პაციენტებს დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარებით სარგებლობის საშუალება მისცა.

დაავადებული ფილტვები ტვინის დაბერებას აჩქარებს

ოჰაიოს უნივერისტეტში მკვლევართა ჯგუფმა პროფესორ ჩარლზ ემერის ხელმძღვანელობით დაასკვნა, რომ თუ ადამიანს ჯანსაღი ფილტვები აქვს, მისი ტვინი ყოველთვის სათანადო სისწრაფით იმუშავებს. 19 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა დაკვირვება 50-დან 85 წლამდე ასაკის შვედეთის რვაასზე მეტ მოქალაქეზე. დასასრულ, მეცნიერებმა თავი მოუყარეს მათი ჯანმრთელობის შესახებ არსებულ მონაცემებს და შედეგები გააანალიზეს. დასკვნა ერთმნიშვნელოვანი აღმოჩნდა: ყველაფერი, რაც ვნებს ფილტვებს, გონებრივ მონაცემებზეც აისახება. ექსპერტების აზრით, როცა ფილტვები ცუდად მუშაობს, ტვინი საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს ვეღარ იღებს, ეს კი ვნებს იმ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ტვინის უჯრედებს შორის სიგნალების მიმოცვლაში მონაწილეობს. მეცნიერები გვირჩევენ, ჯანმრთელი ტვინის შესანარჩუნებლად თავი დავანებოთ თამბაქოს წევას და რეგულარული ვარჯიში დავიწყოთ. ასევე მნიშვნელოვანია სწორი კვება და გარემოს მავნე ზემოქმედების მინიმიზაცია. ეს აღმოჩენა ცვლის დაბერების პროცესის დღემდე არსებულ გაგებას. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, დაბერების პროცესში ორგანიზმის ყველა ფუნქცია განილევა, თუმცა სპეციალისტები უფრო და უფრო რწმუნდებიან, რომ ზოგიერთი მაჩვენებლის დეგრადაცია სხვა მაჩვენებლების გაუარესების ბრალი უნდა იყოს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close