ეკონომიკა

კარტოფილი გაძვირდა – ფერმერები მიზეზებზე საუბრობენ

კარტოფილი გაძვირდა - ფერმერები მიზეზებზე საუბრობენ

EastFruit- ის ფასების მონიტორინგის მონაცემებით, საქართველოში კარტოფილის საბითუმო ფასი გასულ კვირასთან შედარებით 50%-მდე გაიზარდა. თუ აქამდე ერთი კილოგრამის ღირებულება 0,80 ლარს შეადგენდა, ახლა ეს ფასი 1,20 ლარამდეა გაზრდილი. ფერმერები ამ დრამატულ ზრდას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ:

ამ დროისთვის მთავარი ადგილობრივი მიმწოდებელი ქვემო ქართლის რეგიონია, თუმცა რეგიონში სეზონის დასრულებასთან ერთად ტუბერების მოცულობა მცირდება. გარდა ამისა, აზერბაიჯანიდან ქართულ კარტოფილზე მოთხოვნა გაიზარდა. როგორც წესი, სექტემბრის შუა რიცხვებიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ადგილობრივ ბაზარზე მიწოდებას იწყებს, წელს კი ამ რეგიონში ცუდი მოსავალია.

სამცხე-ჯავახეთის ფერმერების თქმით, რეგიონში ორთვიანი გვალვა გრძელდება, რაც უარყოფითად აისახა მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე. რთველის სეზონი ახლახან დაიწყო და უკვე ნათელია, რომ მოსავალი მოსალოდნელზე გაცილებით ნაკლები იქნება. თუ ჩვეულებრივ, ირიგაციის გარეშე, ჰექტარზე მოსავალი საშუალოდ 10-12 ტონაა, ახლა, საუკეთესო შემთხვევაში, ფერმერები 5 ტონას იღებენ.

შემცირებული მოსავლიანობის გარდა, მოსავლის აღების პროცესიც რთულია, რადგან გვალვის შედეგად გამაგრებული ნიადაგიდან კარტოფილის ამოღება გართულებულია.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი ქართველი კარტოფილის მწარმოებლებისთვის წარმატებული იყო, რუსეთიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, წელს კი ფასები კვლავ მაღალი იქნება, მაგრამ ამჯერად დაბალი მიწოდების გამო.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close