საზოგადოება

წელს გრიპის აქტიური გავრცელებაა მოსალოდნელი – ექიმები ვაქცინაციისკენ მოგვიწოდებენ

წელს გრიპის აქტიური გავრცელებაა მოსალოდნელი – ექიმები ვაქცინაციისკენ მოგვიწოდებენ

გრიპის საწინააღმდეგო ვაცქინები ქვეყანას, ისევე როგორც წინა წლებში, ამ წელსაც სექტემბრის ბოლოს ექნება, ვაქცინაცია კი ოქტომბერში დაიწყება. ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ მომავალ სეზონზე გრიპის შემთხვევები ბევრი იყოს.

„გასული ორი წლის განმავლობაში, როცა, პანდემიის გამო რეგულაციები მოქმედებდა და ამიტომ გრიპის გავრცელებაც მინიმალური იყო, ადამიანებს ეს ვირუსი არ გადაუტანიათ და, შესაბამისად, მის მიმართ იმუნიტეტიც არ აქვთ. ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ამ სეზონზე, როცა რეგულაციები მოხსნილია, გრიპის გავრცელება აქტიური იქნება. ამიტომ ვაქცინაცია ამ სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ რეგულაციების მოხსნის გამო, რესპირაციული ვირუსები, რომლებიც გვიანი შემოდგომისა და ზამთრისთვისაა დამახასიათებელი, წელს უჩვეულოდ გახანგრძლივდა და ივლისშიც ისეთივე აქტიურობით გამოირჩეოდა, როგორც ჩვეულ სეზონზე.

გრიპის ვაქცინაციის საუკეთესო ვადად ოქტომბრის ბოლო და ნოემბრის დასაწყისი ითვლება. მისი მოქმედების ხანგრძლივობად კი 6 თვე განისაზღვრება.

საქართველოში გრიპზე უფასო ვაქციაცია რისკჯგუფებში შემავალ პირებს უკეთდებათ. მათ შორის არიან ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრების პერსონალი და ბენეფიციარები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და სხვა. გრიპზე აცრა კომერციულ სექტორშიცაა შესაძლებელი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close