ეკონომიკა

საქართველოში კრიპტოვალუტების რეგულირება იგეგმება – პარლამენტი კანონპროექტის განხილვას იწყებს

საქართველოში კრიპტოვალუტების რეგულირება იგეგმება - პარლამენტი კანონპროექტის განხილვას იწყებს

საქართველოში კრიპტოვალუტების რეგულირება იგეგმება. კერძოდ, აღნიშნულის შესახებ პარლამენტის 2022 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.

„ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების მიხედვით, ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული რისკების მართვის მიზნით, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების AML/CFT კუთხით რეგულირება/ზედამხედველობა, მათი ლიცენზირება/რეგისტრაცია, მნიშვნელოვანი წილის მფლობელების/ბენეფიციარი მესაკუთრეების/ხელმძღვანელი პირების Fit and Proper შემოწმება, ეფექტური მონიტორინგი და FATF რეკომენდაციებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა,“- ნათქვამია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტების რეგულირების შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მიმდინარე წლის მარტში განაცხადა. როგორც მაშინ სებ-ის პრეზიდენტი აღნიშნავდა, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა. ახლა კიდე სებ-ისა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტი უკვე პარლამენტშია.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტით განსაზღვრული რეგულირების ჩარჩო პირველ ეტაპზე ითვალისწინებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობას შემდეგი მიმართულებებით: საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაცია, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შემოწმება და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით ზედამხედველობა.

„აღნიშნული უზრუნველყოფს ვირტუალური აქტივების მომსახურებასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მომეტებული რისკების დროულ მართვას, ასევე, ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) მიერ იდენტიფიცირებული ნაკლოვანების აღმოფხვრას,“- ვკითხულობთ კრიპტოვალუტების რეგულირების მიზნით შემუშავებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close