საზოგადოება

„ნეტფლიქსსა” და ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა

„ნეტფლიქსსა" და ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა

“ნეტფლიქსი“ ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით შეთანხმებას დასთანხმდა. მედიის ინფორმაციით, გაფრინდაშვილმა და „ნეტფლიქსმა“ შეთანხმებას მიაღწიეს.

ამასთან, შეთანხმების პირობები არ გასაჯაროებულა. “ნეტფლიქსის“ პრესსპიკერმა გამოცემა Axios-ს განუცხადა, რომ კომპანია “მოხარულია, რომ საკითხი მოგვარებულია”.

სარჩელი ეხება სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ გაჟღერებულ ფრაზას, რომ ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაპირისპირებია. გაფრინდაშვილის სარჩელში აღნიშნულია, რომ კომენტარი „აშკარად მცდარი, უხეშად სექსისტური და დამამცირებელია“ და რომ “ნეტფლიქსმა“ შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ იაფფასიანი და ცინიკური მიზნით იმის ხაზგასასმელად, რომ მისმა გამოგონილმა გმირმა მოახერხა გაეკეთებინა ის, რაც სხვა ქალებს, მათ შორის გაფრინდაშვილს არ გაუკეთებიათ.

მედიის ინფორმაციით, ნონა გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს, ასევე ფილმიდან კონკრეტული მონაკვეთის ამოჭრას მოითხოვდა.

ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატის, კახა შარაბიძის განცხადებით, გაფრინდაშვილსა და „ნეთფლიქსს“ შორის შეთანხმების პირობები კონფიდენციალურია. რაზე შეთანხმდნენ მხარეები უცნობია, თუმცა როგორც ადვოკატი აცხადებს, სერიალში არაფერი იცვლება და ყველაფერი ისე რჩება, როგორც არის.

უფლებადამცველის განცხადებით, კალიფორნიის სასამართლომ „ნეთლიქსის“ დაცვის მხარის არცერთი არგუმენტი არ გაიზიარა და მოსამართლემ დაადგინა, რომ მხატვრული ნაწარმოები პატივის და ღირსების შემლახველი განცხადებისგან თავისუფალ ზონას არ წარმოადგენს და ეს პირს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

„ნონა გაფრინდაშვილის „ნეთფლიქსთან“ დავა საკმაოდ ეფექტურად და ძალიან მოკლე პერიოდში დასრულდა. “ – განაცხადა ადვოკატმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close