საზოგადოება

სიჩქარის გადაჭარბებისთვის არსებული სანქციები მკაცრდება

სიჩქარის გადაჭარბებისთვის არსებული სანქციები მკაცრდება

სიჩქარის გადაჭარბებისთვის არსებული სანქციები მკაცრდება – მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება 150 ლარის ნაცვლად, 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. ეს ერთ-ერთი სიახლეა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტის ფარგლებში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე წარედგინება.

პროექტის გათვალისწინებით, იზრდება სანქცია თუ სიჩქარის გადაჭარბებას საავარიო ვითარების შექმნა მოჰყვა, რაც პირის 300 ლარის ნაცვლად, 400 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო თუ სიჩქარის გადაჭარბებას სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ასევე ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად, 600 ლარი იქნება.

იზრდება სანქცია 125-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის. კერძოდ, სიჩქარის გადაჭარბება იმ პირის მიერ, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საქალაქთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ახორციელებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ნაცვლად 300 ლარისა.

გარდა ამისა, დასჯადი ხდება ავტომობილის განზრახ მოცურება-მოსრიალება ან მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება – ე.წ. დრიფტი.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებებით, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. ამასთან, თუ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ეს გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დადგება იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედება ჩადენილია კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close