ეკონომიკა

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს “საქართველოს ფოსტას”?

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს “საქართველოს ფოსტას”?

საქართველოს ფოსტამ 2021 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასულ წელს კომპანიის ჯამური შემოსავალი 17.7 მილიონი ლარით, 92.6 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

შემოსავლების ზრდის მიუხედავად, კომპანიამ 2021 წელი 5.7 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. შედარებისთვის, 2020 წელს კომპანია 6.8 მილიონი ლარის წმინდა მოგებაზე იყო.

2021 წელს “საქართველოს ფოსტის” მიერ მიღებული და გაგზავნილი კორესპონდენციების რაოდენობა 28%-ით გაიზარდა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს კომპანიამ მასში დასაქმებული 3,000 თანამშრომლის ხელფასებზე 27.7 მილიონი ლარი დახარჯა, მარაგების ხარჯი 26.9 მილიონი ლარი იყო, “სხვა ხარჯები” კი 35.4 მილიონი ლარი. დოკუმენტის თანახმად, ფოსტის აქტივებმა 5 მილიონი ლარის ცვეთა განიცადეს.

ამასთანავე, ანგარიშიდან ირკვევა, რომ გასულ წელს კომპანიის აქტივების გადაფასება მოხდა და ის 36.9 მილიონი ლარით გაიზარდა. ამ ნამეტმა ასახვა ჰპოვა კომპანიის სრული შემოსავლების უწყისზე და მის გამო წლის სრული შემოსავალი 31.1 მილიონი ლარით განისაზღვრა.

2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ფოსტის აქტივები 127 მილიონ ლარს შეადგენდა, მისი მიმდინარე ვალდებულებები კი 30 მილიონ ლარს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close