საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და ტყის ან ველის სიახლოვეს ცეცხლი არ დაანთოს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და ტყის ან ველის სიახლოვეს ცეცხლი არ დაანთოს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ქვეყნის ტერიტორიაზე ტყის ხანძრების პრევენციისა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოს ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, ასევე, არ დატოვოს ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

„გაითვალისწინეთ, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად, ნუ დაანაგვიანებთ გარემოს და ნუ შეუწყობთ ხელს ტყის ხანძრების გაჩენას. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 აგვისტომდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. გარდა ამისა, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც, სააგენტოს ცნობით, კიდევ უფრო ზრდის ტყის ხანძრების გაჩენის რისკს.

ბორჯომში ხანძარს მეხუთე დღეა მაშველები უწყვეტ რეჟიმში ებრძვიან. მდგომარეობას, რთული რელიეფი, მაღალი ტემპერატურა და ქარი ართულებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close