მსოფლიო

Adidas-ის გენერალური დირექტორი თანამდებობას ტოვებს

Adidas-ის გენერალური დირექტორი თანამდებობას ტოვებს

სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმელების მწარმოებელი უმსხვილესი გერმანული კომპანიის Adidas-ის გენერალური დირექტორი კასპერ როსტედი თანამდებობას ტოვებს.

როსტედმა CEO-ს თანამდებობა 2016 წელს დაიკავა, მას შემდეგ მისი ხელმძღვანელობით Adidas-მა მრავალ გამოწვევასთან გამკლავება და გაფართოება მოახერხა. უშუალოდ მისი ჩართულობით, 2021 წელს Adidas-მა 2.5 მილიარდ დოლარად გაყიდა ზარალზე მყოფი შვილობილი კომპანია – Reebok-ი.

გარდა ამისა, როსტედის ხელმძღვანელობის პერიოდში შეიქმნა და განვითარდა Adidas-ის პრემიუმ ბრენდი – Yeezy, რომლის კრეატიული ხელმძღვანელიც ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი კანიე ვესტია.

Adidas-ის წარმომადგენლობის განმარტებით, CEO-ს თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება როსტედმა და დირექტორთა საბჭოს წევრებმა ერთობლივად მიიღეს. გადაწყვეტილების მიზეზებთან დაკავშირებით კომპანიას კომენტარი არ გაუკეთებია.

საგულისხმოა, რომ Adidas-ის ახალი დირექტორის ვინაობა უცნობია. Bloomberg-ის ინფორმაციით, დირექტორთა საბჭოს კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია. უშუალოდ როსტედი CEO-ს მოვალეობის შესრულებას ახალი დირექტორის ოფიციალურად დანიშვნამდე გააგრძელებს.

კომპანია Adidas-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 30 მილიარდ დოლარს შეადგენს. ერთწლიან ჭრილში მისი აქციების ღირებულება თითქმის 50%-ითაა შემცირებული, ხუთწლიანში კი საბაზრო ღირებულების ვარდნის მაჩვენებელი -15%-ს შეადგენს.

ექსპერტების შეფასებით, როსტედის თანამდებობიდან წასვლის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მიზეზი ინვესტორთათვის კომპანიის იმედგამაცრუებელი შედეგებია. შედარებისთვის, ხუთწლიან პერიოდში Adidas-ის მთავარი კონკურენტის – Nike-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 105%-ით გაიზარდა; Puma-ს აქციების ღირებულება კი საფონდო ბირჟაზე 82%-ითაა გაზრდილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close