ეკონომიკა

პერუში ექსპორტი 950.2%-ით გაიზარდა – რას ყიდის საქართველო სამხრეთ ამერიკაში

პერუში ექსპორტი 950.2%-ით გაიზარდა - რას ყიდის საქართველო სამხრეთ ამერიკაში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში ექსპორტი 36.4%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 3.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი 34.8%-ით მოიმატა და 7.09 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.

მთლიანად საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10.19 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.3% მეტია.

მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოს 10 უმსხვილეს საექსპორტო ქვეყანას შორის მე-9 ადგილზე მოხვდა პერუ, სადაც წელს ექსპორტი 950.2%-ითაა გაზრდილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

საქსტატის მონაცემებით, წელს პერუში ექსპორტით მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა 103.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 96.3% აზოტოვან სასუქზე, კერძოდ კი, ამონიუმის ნიტრატზე მოდის. ამ სასუქის პერუში გაყიდვით საქართველომ წელს 99.6 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

სულ საქართველომ წელს 182.7 მილიონი აშშ დოლარის მინერალური, ქიმიური ან აზოტოვანი სასუქი გაყიდა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

ექსპორტის დანარჩენი ნაწილი თევზის ქონზე და ცხიმზე, ასევე დაუარმატურებელ მინაზე მოდის – საერთო ჯამში, 3.9 მილიონი აშშ დოლარი.

რაც შეხება იმპორტს, საქართველომ პერუსგან მცირე ოდენობით კალმახი, სამკურნალო საშუალებები, საღებავი ნივთიერებები და ფუნგიციდები შეიძინა.

10 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის სრული ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

ჩინეთი – წილი მთლიან ექსპორტში – 15.3%, ზრდა – 29.4%;

აზერბაიჯანი – წილი მთლიან ექსპორტში – 11.3, ზრდა – 19%;

რუსეთი – წილი მთლიან ექსპორტში – 10.9%, ზრდა – 5.1%;

თურქეთი – წილი მთლიან ექსპორტში – 9.5%, ზრდა – 54.9%;

სომხეთი – წილი მთლიან ექსპორტში – 8.1%, ზრდა – 96.3%;

ბულგარეთი – წილი მთლიან ექსპორტში – 7.6%, ზრდა – 84.7%;

აშშ – წილი მთლიან ექსპორტში – 6.1%, ზრდა – 115.2%;

უკრაინა – წილი მთლიან ექსპორტში – 4.2%, კლება – 21.1%;

პერუ – წილი მთლიან ექსპორტში – 3.3%, ზრდა – 950.2%;

ყაზახეთი – წილი მთლიან ექსპორტში – 3.1%, ზრდა 136.1%.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close