დღის ამბები

მებაღეობა დედამიწის გარეთ -კოსმოსში პირველი სათბური მოეწყობა

მებაღეობა დედამიწის გარეთ -კოსმოსში პირველი სათბური მოეწყობა

კოსმოსური ინფრასტრუქტურის კომპანია, Redwire Corporation კოსმოსში თავის პირველ კომერციულ სათბურს გაუშვებს, რაც მომავალ გაზაფხულზე იგეგმება. პროექტის მიზანია, დედამიწის გარეთ მებაღეობის კვლევის ხელშეწყობა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Redwire-ის სათბურის პროექტის მენეჯერმა, დეივ რიდმა სააგენტოს განუცხადა, რომ კომპანიის პროექტი მისია NASA Artemis-სა და სხვა მისიებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებაში დაეხმარება. პროგრამა Artemis ასტრონავტების მთვარეზე გაგზავნასა და იქ გრძელვადიანი კოლონიის შექმნას ისახავს მიზნად.

Redwire-ში აცხადებენ, რომ კომპანიის პირველი მომხმარებელი კომერციული აგროტექნოლოგიური კომპანია, Dewey Scientific იქნება.

„ახალმა პროექტმა კოსმოსში მოსავლის მოსაყვანად კაცობრიობის შესაძლებლობები უნდა გააფართოოს,“ – წერია განცხადებაში.

კომპანიის თანამედროვე „კოსმოსური“ პროდუქტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კვლევების ჩასატარებლად მცენარეთა მოყვანის სრულად ავტომატიზებულ სისტემას მოიცავს.

2019 წლის ივლისში NASA-მ გაავრცელა განცხადება, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მისი ეკიპაჟი ნაყოფიან მცენარეებს მოაშენებდა. CNN მაშინ იუწყებოდა, რომ პირველი პროექტისთვის წითელი ჩილის წიწაკის (Capsicum annuum) თესლები შეირჩა, რომლებიც კოსმოსურ სადგურზე იმავე წლის ნოემბერში ან 2020 წლის იანვარში გაიგზავნებოდა.

NASA-ს განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო პროექტები მარსზე მისიის განხორციელებას შეუწყობს ხელს. სააგენტოს ცნობით, „მარსზე უმოკლეს მოგზაურობას, საშუალოდ, ორი წელი სჭირდება, რის გამოც ასტრონავტების ბოსტნეულით მომარაგება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ტრადიციული კოსმოსური მარაგი ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების ადექვატურ დონეს ვერ უზრუნველყოფს.“

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close