დღის ამბები

„მოთხოვნა გაიზარდა, წარმოებაც გავაფართოეთ“ – ვირის რძით საპნების მწარმოებელი კომპანია ახალ პროდუქტებზე მუშაობს

„მოთხოვნა გაიზარდა, წარმოებაც გავაფართოეთ“ - ვირის რძით საპნების მწარმოებელი კომპანია ახალ პროდუქტებზე მუშაობს

ვირის რძით საპნების მწარმოებელი კომპანია ახალ პროდუქტებზე მუშაობს. როგორც „დემას“ დამფუძნებელი მაია დევნოზაშვილი ამბობს, მოთხოვნა გაიზარდა, შესაბამიად, საწარმოც გაფართოვდა.

ამ დროისთვის, კომპანია 35 სახეობის პროდუქტს უშვებს, თუმცა, მაია დევნოზაშვილის თქმით, თმის ნიღაბი და მიცერალური წყალი ტესტირების რეჟიმშია.

ამასთან, მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიამ გაყიდვების არეალიც გააფართოვა და მომხმარებლების მოთხოვნის საფუძველზე, ყველა რეგიონში ფოსტის მომსახურებაც დაამატა.

ცნობისთვის, საპნების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ განსაკუთრებული ყურადღება ვირის რძით დამზადებული საპნებით მიიპყრო. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა  აღნიშნა, პროდუქცია ბებიის რეცეპტით მზადდება, რომელსაც სხვადასხვა სახის მცენარეებზე დამზადებული სამკურნალო მალამო ემატება.

საოჯახო ტიპის საწარმო ბოლნისის რაიონის სოფელ ბალიჭში მდებარეობს და გარდა საპნებისა, სარეცხ საშუალებასაც უშვებს, რომელიც ანტიალერგიულია.

მაია დევნოზაშვილის თქმით, თავდაპირველად პროდუქცია მხოლოდ ოჯახისთვის, სახლის პირობებში მზადდებოდა, თუმცა 2016 წლიდან, მას შემდეგ, რაც კომპანიამ 5000-ლარიანი დაფინანსება მოიპოვა, უკვე მცირე ბიზნესად იქცა.

კომპანიის მიერ წარმოებული მყარი საპნები ყოველდღიური ჰიგიენური მოხმარებისთვის არის განკუთვნილი. მისი დამზადებისთვის კი მაია დევნოზაშვილი გვირილას, კურკუმას, თავშავას, პიტნას, ცაცხვს, ჭინჭარს და სხვა მრავალ მცენარეს იყენებს. რაც შეეხება ნედლეულს, მცენარეები, ასევე, ვირის რძე ადგილობრივია, კომპანიას მხოლოდ ზეითუნის ზეთი შემოაქვს ესპანეთიდან.

ამ დროისთვის კომპანია ჰიგიენის, თავის მოვლისა და კოსმეტიკურ საშუალებებს აწარმოებს.

„მოთხოვნა გაიზარდა, წარმოებაც გავაფართოეთ. აქამდე სახლთან პატარა ოთახი გვქონდა, რომლის ფართიც გავზარდეთ. ახლა უკვე საკუთარი მომხმარებლები გვყავს და მიწოდების არეალიც გაფართოვდა. მაგალითად, უკვე ფოსტითაც ვგზავნით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. გადა ამისა, პროდუქცია იგზავნება ემიგრანტებთან.

გარდა ამისა, როგორც იცით, „დემა“ ხელმისაწვდომია სააფთიაქო ქსელებში და ახლა უკვე ქუთაისის აეროპორტში და თბილისში ქართული პროდუქტების მაღაზიაში.

რაც შეეხება სახეობებს, ჯერ რეალიზაციაში არ ჩაგვიშვია, თუმცა, დავამზადეთ თმის ნიღაბი და მიცერალური წყალი, რომელიც ტესტირების რეჟიმშია. ალბათ, შემოდგომიდან რეალიზაციაც დაიწყება“,- ამბობს მაია დევნოზაშვილი.

მისივე ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ ნედლეული გაძვირდა, „დემას“ პროდუქტების ფასიც გაიზარდა და ახლა უკვე 8-დან 14 ლარამდე მერყეობს.

„ნედლეული გაგვიძვირდა, ამიტომ მოგვიწია ფასის გაზრდაც. დაახლებით, 10-20%-ით გაძვირდა. სამკურნალო მცენარეებს მე თავად ვაგროვებ, თუმცა, სხვა ნედლეული, მაგალითად, ზეითუნის ზეთი, შიის კარაქი, ფასი გაზარდა, მაგრამ მაინც ვყიდულობთ, რადგან აუცილებელი ინგრედიენტებია.

ღირებულების მიმატებას, მოთხოვნის ზრდისთვის ხელი არ შეუშლია. მომხმარებელი მიხვდა, რომ ნატურალური პროდუქტები, პირველ რიგში, ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი. თავიდან უფრო დიდი ყურადღებას აქცევდნენ სურნელს, თუმცა მომხმარებელი მიხვდა, რომ სიჯანსაღე სურნელებაში არ არის და მთავარი შემადგენელი ინგრედიენტები“,- ამბობს მაია დევნოზაშილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close