მსოფლიო

Johnson & Johnson საბავშვო ტალკზე დაფუძნებულ ფხვნილს სიმინდის სახამებლით ჩაანაცვლებს

Johnson & Johnson საბავშვო ტალკზე დაფუძნებულ ფხვნილს სიმინდის სახამებლით ჩაანაცვლებს

მომავალი წლიდან კომპანია Johnson & Johnson (J&J) საბავშვო ტალკის წარმოებასა და გაყიდვებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით წყვეტს. აქამდე კომპანიას გაყიდვები შეწყვეტილი მხოლოდ აშშ-სა და კანადაში ჰქონდა.

წლების განმავლობაში, J&J ათიათასობით მშობელი უჩიოდა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ტალკის ფხვნილი ჯანმრთელობისთვის საშიშ აზბესტს შეიცავს, რაც საკვერცხის კიბოს განვითარებას იწვევს. თუმცა კომპანიამ საპასუხოდ ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული დამოუკიდებელი კვლევა მოიშველია, რომელმაც დაამტკიცა, რომ ტალკი სრულიად უსაფრთხოა გამოსაყენებლად.

„ჩვენ მივიღეთ კომერციული გადაწყვეტილება, გადავიდეთ სიმინდის სახამებელზე“, – განაცხადა ბრენდის წარმომადგენელმა ამ დღეებში გაჟღერებულ განცხადებაში. კომპანიამ დასძინა, რომ სიმინდის სახამებელზე დაფუძნებული ბავშვის ფხვნილი უკვე იყიდება მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტალკი, რომელიც აქამდე იყიდებოდა, სრულიად უსაფრთხო იყო ჯანმრთელობისთვის.

კომპანიამ ტალკი გაყიდვებიდან აშშ-სა და კანადაში 2020 წელს ამოიღო, მიზეზად კი მოთხოვნაზე მკვეთრი კლება დაასახელა.

2018 წელს, საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ J&J-მ ათწლეულების განმავლობაში იცოდა, რომ მისი პროდუქტი აზბესტს შეიცავდა.

Johnson’s Baby Powder თითქმის 130 წელი იყო ბაზარზე და კომპანიის ოჯახური იმიჯის სიმბოლოდ იქცა.

ბავშვის ფხვნილი საფენის გამონაყარის თავიდან ასაცილებლად გამოიყენებოდა, ასევე კოსმეტიკური გამოყენებისთვის, მათ შორის მშრალი შამპუნის სახით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close