მსოფლიო

უორენ ბაფეტმა სამ თვეში 43,8 მლრდ დოლარი იზარალა

უორენ ბაფეტმა სამ თვეში 43,8 მლრდ დოლარი იზარალა

უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-მ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 43,8 მლრდ დოლარი იზარალა. ინფორმაციას Financial Times (FT) კომპანიის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც მან აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას მიაწოდა.

Berkshire-მა განაცხადა, რომ გლობალური ფინანსური ბაზრების ვარდნამ მისი აქციების პორტფელს მძიმე დარტყმა მიაყენა, რომლის ღირებულებაც მარტში 391 მლრდ დოლარიდან 328 მლრდ დოლარამდე დაეცა.

Berkshire Hathaway-ის ახალი აქციების შესყიდვების მოცულობამ აპრილ-ივნისში მხოლოდ 6,2 მლრდ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა წლის პირველ კვარტალში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 51,1 მლრდ დოლარს მიაღწია. FT წერს, რომ საინვესტიციო კომპანიამ, ასევე, საკუთარი აქციების გამოსასყიდად ივნისში მილიარდი დოლარი დახარჯა, რა სტრატეგიასაც ბაფეტი და მისი პარტნიორები მაშინ მიმართავენ, როცა ბაზარზე საინვესტიციო შესაძლებლობებს ვერ ხედავენ.

თავად ბაფეტმა აპრილში, აქციონერთა ყოველწლიურ კრებაზე აღიარა, რომ Berkshire-ის მრავალმილიარდიანი დოლარის შესყიდვების სერია წელს, სავარაუდოდ, შენელდება. FT -ის შეფასებით, კომპანიის სათავო ოფისში „ატმოსფერო მეტად აპათიური გახდა.“

ამასთან, FT წერს, რომ საინვესტიციო კომპანიის საოპერაციო მოგება, ანუ მონაცემი, რომელიც Berkshire-ის აქციების გაზრდა-დაცემის პოზიციებს არ ითვალისწინებს, მეორე კვარტალში 39%-ით გაიზარდა და 9,3 მლრდ დოლარს მიაღწია.

Berkshire Hathaway-ის აქციათა ღირებულებამ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე, პარასკევის დახურვის შემდეგ 439 529 დოლარი შეადგინა, რაც წინა სავაჭრო დღის დახურვის მაჩვენებელზე 0.6%-ით ნაკლებია.

Forbes Real-Time-ის მიხედვით, უორენ ბაფეტის ქონება 101,6 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ინვესტორი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეშვიდე ადგილზეა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close