მსოფლიო

ჯეფ ბეზოსის იახტა როტერდამის გვერდის ავლით „გააპარეს“ – ისტორიული ხიდი დემონტაჟს გადაურჩა

ჯეფ ბეზოსის იახტა როტერდამის გვერდის ავლით „გააპარეს“ - ისტორიული ხიდი დემონტაჟს გადაურჩა

Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ახალმა სუპერიახტამ ამ კვირაში ნიდერლანდების ალბლასერდამში მდებარე გემთმშენებელი ვერფი, Oceanco დატოვა. ინფორმაციას Der Spiegel ავრცელებს.

Oceanco-იდან, სადაც იახტა შენდებოდა, ის როტერდამში მდებარე Greenport-ის ვერფზე ღამით გადაიყვანეს, ამიტომ დიდი ყურადღება არ მიუპყრია. თუმცა ნაოსნური სპორტის ადგილობრივმა მოყვარულმა და ფანკლუბ Dutch Yachting-ის წევრმა, ჰანკო ბოლმა გემის მოძრაობა შენიშნა და ვიდეო ჩაწერა, რომელიც მოგვიანებით YouTube-ზე გამოაქვეყნა.

ბოლი ამბობს, რომ ბუქსირისთვის მზადება დილის 1:00 საათზე დაიწყო, ხოლო იახტამ გემთმშენებელი ვერფი დილის 3:00 საათზე დატოვა. ჰანკო ბოლი ვარაუდობს, რომ ჰოლანდიურ კომპანია Oceanco-ს სურდა, გემის ტრანსპორტირება გაესაიდუმლოებინა. მისი თქმით, გემმა გრძელი მარშრუტი გაიარა, რომ როტერდამის ცენტრისთვის და კონინგსჰევენის ხიდისთვის გვერდი აეარა. როგორც ჩანს, საბოლოოდ მისი ბუქსირება ანძების გარეშე გადაწყდა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ოკეანეში შესასველელად გემი როტერდამში უნდა ჩასულიყო და კონინგსჰევენის ხიდის ქვეშ გაევლო, რისთვისაც 1927 წელს აშენებული ხიდის ცენტრალური ნაწილის დემონტაჟი იგეგმებოდა, რადგან მაღალი საიალქნე ანძების მქონე იახტა ხიდის ქვეშ ვერ გაეტეოდა. 127 მეტრ სიგრძის ბეზოსის ახალი იახტა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იალქნიანი იახტა იქნება. ის შემკვეთს წელს უნდა ჩაბარდეს.

თებერვალში როტერდამის ხელისუფლება ძველი ხიდის ნაწილობრივ დემონტაჟს დათანხმდა. თუმცა ამან მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. სოციალურ ქსელებში გაჩნდა მოწოდებები, რომ როტერდამში გამოჩენისას მილიარდერის სუპერიახტისთვის კვერცხები დაეშინათ. საპროტესტო მოწოდებების საპასუხოდ ქალაქის ხელისუფლება აცხადებდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ, რადგან კომპანია Oceanco-ს ხიდის ნაწილობრივი დემონტაჟისთვის განაცხადი არ წარუდგენია. მიზეზად ჰოლანდიური გაზეთი, Trouw ასახელებდა იმას, რომ კომპანია გემის მიმართ ვანდალიზმის აქტებს უფრთხოდა.

Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი 2022 წელს Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად დაასახელა. რეიტინგის შედგენის დროს მისი ქონება 171 მლრდ დოლარად იყო შეფასებული. ის ფაქტი, რომ მან 127-მეტრიანი იალქნიანი იახტა ჰოლანდიურ გემთმშენებელ Oceanco-ს შუკვეთა, 2021 წელს გახდა ცნობილი. Bloomberg წერდა, რომ იახტა შესაძლოა, 500 მლნ დოლარზე მეტი დაჯდეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close