ეკონომიკა

2021 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 10-წლიანი პერიოდის მაქსიმუმზეა – IDFI

2021 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 10-წლიანი პერიოდის მაქსიმუმზეა - IDFI

2021 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებული იყო 301.5 ათასი ადამიანი, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია – ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ (IDFI) საჯარო სექტორში ხელფასების ზრდასა და ბიუროკრატიის შესახებ კვლევაშია ნათქვამი.

IDFI-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ ბიუროკრატიული ხარჯების ყველაზე დიდი წილი სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე მოდის. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში ისეთი სისტემის არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, საჯარო სექტორში ადეკვატური და სამართლიანი შრომის ანაზღაურების არსებობას, ხოლო, მეორე მხრივ, გამორიცხავს საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურ ხარჯვას.

კვლევის მიგნებების მიხედვით, 2026 წლამდე საჯარო სექტორში დაანონსებული ხელფასების ზრდის გათვალისწინებით, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების ხარჯების საპროგნოზო მაჩვენებელია 2.55 მლრდ ლარი, რაც 2021 წლის ფაქტიურ მაჩვენებელს დაახლოებით 900 მილიონი ლარით (55%-ით) აღემატება.

საჯარო სექტორში დაანონსებული ხელფასების ზრდის შედეგად, შრომის ანაზღაურების ხარჯების ტვირთი სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 2%-ით გაიზრდება.

კვლევის მიგნებებში ასევე აღნიშნულია, რომ დაქირავებით დასაქმებულებში, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა წილმა 2021 წელს 36%-ს მიაღწია, რაც 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2018-2021 წლებში, უცვლელი საბაზო თანამდებობრივი სარგოს ოდენობის პირობებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების ხარჯები ყოველწლიურად იზრდებოდა. მაგალითად, 2021 წელს წინა წელთან შედარებით შრომის ანაზღაურების ხარჯები დაახლოებით 7%-ით გაიზარდა.

ამავე კვლევით ირკვევა, რომ 2021 წელს ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე 359.6 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 63 მილიონი ლარით აღემატება. მსგავსი ხარჯები 2013 წლის შემდეგ ყოველწლიურად საშუალოდ 20%-ით იზრდება.

ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ საჯარო სექტორში, 2022 წლიდან დაგეგმილი ხელფასების ზრდა მნიშვნელოვან სახელმწიფო რესურსს მოითხოვს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ბიუროკრატიული ხარჯების ტვირთის ზრდის აუცილებლობას წარმოშობს.

„მიუხედავად შრომის ანაზღაურების საერთო ხარჯების ყოველწლიური ზრდისა, კვლავ მნიშნელოვან პრობლემად რჩება საჯარო მოსამსახურეთა სამართლიანი და კონკურენტუნარიანი ანაზღაურების სისტემის უზრუნველყოფა. IDFI მიიჩნევს, რომ აღნიშნულის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს არაოპტიმალური ბიუროკრატიული აპარატის არსებობა, რომლის სათანადო რეფორმირების გარეშე, შეუძლებელია, ერთი მხრივ, ბიუროკრატიული ხარჯების ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანა, ხოლო, მეორე მხრივ, კონკურენტუნარიანი საჯარო სამსახურის შენარჩუნება“, – ნათქვამია კვლევის დასკვნით ნაწილში.

კვლევის ავტორები სახელმწიფოს რეკომენდაციას აძლევენ, რომ საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა იმ ზღვრული მოცულობით განხორციელდეს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების ხარჯების ტვირთის ზრდას არ გამოიწვევს. მათ შორის განხილულ იქნას ბიუროკრატიული აპარატის მაქსიმალური ოპტიმიზაციით, თანხების გამოთავისუფლების შესაძლებლობები.

ასევე, საჯარო სექტორში ხელფასები შრომის ბაზრის დეტალური შესწავლით გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით გაიზარდოს და არა ყველა დასაქმებულზე თანაბარი პროპორციულობით. აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით, განხილულ იქნას საბაზისო სარგოსთან ერთად, კონკრეტული უწყებების დონეზე განსაზღვრული კოეფიციენტების / ყოველთვიური სარგოების შესატყვისი ცვლილებების შესაძლებლობები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close