ეკონომიკა

„სანქციების შემდეგ რუსეთიდან ოქროს ზოდები ტრაილერებით შემოდის“ – თბილისის ოქროს ბირჟაზე ფასები ეცემა

„სანქციების შემდეგ რუსეთიდან ოქროს ზოდები ტრაილერებით შემოდის“ - თბილისის ოქროს ბირჟაზე ფასები ეცემა

ოქროს ფასი კლებას განაგრძობს. საერთაშორისო ბირჟაზე 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 1,700 დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა და ამჟამად 1,680 დოლარზე ოდნავ მაღალია, რაც 15 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ოქრო იაფდება საქართველოშიც – თბილისი ცენტრალის ოქროს ბირჟაზე ამბობენ, რომ 1 გრამ ოქროზე ფასები, დაახლოებით, 30-35 ლარითაა შემცირებული. თუმცა ზოგიერთი ამბობს, რომ ფასმა კიდევ უფრო მეტად, 50%-ითაც კი დაიწია.

„ხომ ნახეთ, ევროკავშირის მეშვიდე პაკეტის სანქციებში რა წერია? ევროპამ რომ რუსეთიდან ოქროს იმპორტი აკრძალა, ეს ოქრო რუსეთმა ჩვენთან შემოყარა, ტრაილერებით შემომიტანეს ოქროს ზოდები. ფასები თითქმის 50%-ითაა შემცირებული, ახლა 1 გრამი, საშუალოდ, 85 ლარამდე ღირს და სავარაუდოდ, კიდევ შემცირდება, ზრდის მოლოდინი არ გვაქვს“, – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

განსხვავებულია ბირჟაზე პასუხები მოთხოვნასთან დაკავშირებით. ძირითადად, მოვაჭრეები მოთხოვნის მკვეთრ კლებაზე მიუთითებენ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ოქროზე მოთხოვნა ყოველთვის არის და მაინცდამაინც არც ახლა შეცვლილა.

იგივე მდგომარეობაა ვერცხლისა და სხვა ლითონების შემთხვევაშიც – ვერცხლის ფასები გრამზე 2-7 ლარს შორის მერყეობს და როგორც მოვაჭრეები ამბობენ, კლება აქაც 50%-მდეა. 10-15 ლარითაა შემცირებული ბრილიანტის ფასებიც.

რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაწყებიდან მალევე, მიმდინარე წლის მარტში, ოქროს საერთაშორისო ფასმა 2,050 დოლარსაც კი მიაღწია, თუმცა მას შემდეგ თითქმის 18%-ითაა გაუფასურებული.

ძვირფასი ლითონების ღირებულების შემცირებას მსოფლიოში რეცესიის მოლოდინი, ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდა და დოლარის გამყარება განაპირობებს.

საპროცენტო განაკვეთის ზრდა ეკონომიკური აქტივობის შენელებას იწვევს, ეს უკანასკნელი კი რეცესიის საფრთხეს ზრდის. რეცესია, თავის მხრივ, თითქმის ყველა საქონელზე და მათ შორის, ოქროზეც ამცირებს მოთხოვნას.

ამას ემატება ისიც, რომ დოლარი ორი ათწლეულის ყველაზე მყარ ნიშნულზეა და ინვესტორებისთვის ახლა ბევრად უფრო მიმზიდველი სწორედ ამერიკული ვალუტაა, ვიდრე სხვა დანარჩენი აქტივები და მათ შორის, ოქრო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close